გაფიცული მუშების მოთხოვნებს "სინოჰიდრო კორპორეიშენ ლიმიტედის" ადმინისტრაცია ერთ კვირაში დააკმაყოფილებს

თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის გაფიცული მუშების მოთხოვნებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია "სინოჰიდრო კორპორეიშენ ლიმიტედის" ადმინისტრაცია ერთი კვირის ვადაში დააკმაყოფილებს.

აღნიშნული შეთანხმება გაფიცულ მუშებს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე თემურ მურღულიასა და დამსაქმებელ კომპანიას შორის რამდენიმესაათიანი მოლაპარაკების შემდეგ იქნა მიღწეული.

რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალის მშენებლობაზე დასაქმებულმა მუშებმა მოლაპარაკების დასრულების შემდეგ მუშა პროცესი განაახლეს. მათი განცხდებით, თუ ერთი კვირის ვადაში არ გაუმჯობესდება სამუშაო პირობები და არ გაიზრდება შრომითი ანაზღაურება, კვლავ გაიფიცებიან.

თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები დილიდან გაფიცული იყვნენ. აქციის მონაწილეები შრომითი პირობების გაუმჯობესებას და ხელფასების გაზრდას ითხოვდნენ.