8 წელიწადში თამბაქოს 1 000 ღერ სიგარეტზე აქციზის განაკვეთი 90 ევრო უნდა იყოს - ბიზნესი აქციზის ზრდის გრაფიკის შემუშავებას ითხოვს

თამბაქოს იმპორტიორი კომპანიები თამბაქოს ნაწარმზე აქციზის განაკვეთის ზრდის გრაფიკის შემუშავებას ითხოვენ. აღნიშნულის შესახებ ბიზნესმა ბიზნესომბუდსმენის აპარატს უკვე მიმართა.

მათივე თხოვნაა, რომ პროცესში გათვალისწინებული იქნეს ბიზნესის ინტერესები და ის რისკები, რაც შესაძლოა თან ახლდეს აქციზის განაკვეთის ცვლილებას.

როგორც ბიზნესომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, თამბაქოზე აქციზის ზრდის გრძელვადიანი გეგმა საქართველოს მთავრობამ დარგს უნდა გააცნოს. აპარატის ცნობითვე, შესაბამისი სამართლებრივი დასკვნა ფინანსთა სამინისტროს და პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს უკვე წარუდგინეს.

„თამბაქოს ნაწარმზე აქციზის განაკვეთის დაგეგმილი ეტაპობრივი ზრდის შესახებ ინდუსტრია სრულყოფილად უნდა იყოს ინფორმირებული, რათა დარგმა შეძლოს ადგილობრივ ბაზარზე გრძელვადიანი ეკონომიკური საქმიანობის დაგეგმვა.

კერძო სექტორს საქმიანობის დასაგეგმად ჭირდება პროგნოზირებადი გარემო და ბიზნესისთვის წინასწარ შეტყობინების და კონსულტაციის გარეშე გადასახადის განაკვეთის ცვლილება აზიანებს ქვეყნის ბიზნეს გარემოს.

როგორც ცნობილია, საქართველომ თამბაქოს ნაწარმის აქციზზე 8 წელიწადში უნდა მიაღწიოს ევროპის საბჭოს დირექტივით გათვალისწინებულ მინიმალურ განაკვეთს, რაც გულისხმობს 1 000 ღერ სიგარეტზე 90 ევროს აქციზის დაწესებას. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, აქციზის ზრდის გრძელვადიანი გეგმის არსებობა, რომელშიც გაწერილი იქნება გადასახადის ყოველწლიური ზრდა.

საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატს განცხადებით თამბაქოს იმპორტიორმა კომპანიებმა მომართეს. ბიზნესომბუდსმენის აპრატი იზიარებს თამბაქოს იმპორტიორების პოზიციას და მიზანშეწონილად მიგვაჩნია, შემუშავდეს თამბაქოს ნაწარმზე აქციზის განაკვეთის ზრდის გრაფიკი და გათვალისწინებული იქნეს ბიზნესის ინტერესები და ის რისკები, რაც შესაძლოა თან ახლდეს აქციზის განაკვეთის ცვლილებას. საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატმა შესაბამისი სამართლებრივი დასკვნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს უკვე წარუდგინა,“-აღნიშნულია განცხადებაში.