ბიზნესსა და ხელისუფლებას შორის კომუნიკაცია უნდა გაუმჯობესდეს და ასევე, გაიზარდოს გადაწყვეტილებების მიღების სისწრაფეც.
ამის შესახებ “ვისოლ ჯგუფის” პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე „ბანკები და ფინანსებთან“ ინტერვიუში აცხადებს. „ხელისუფლებას უყვარს ბიზნესასოციაციის და ზოგადად ბიზნესის მოსმენა, მათი მხრიდან მზაობა ყოველთვის არსებობს და ჩვენ ამას კარგად ვგრძნობთ.
ბიზნესის წარმომადგენლები აბსოლუტურად ღიად ვესაუბრებით, როგორც მთავრობის წარმომადგენლებს, ასევე კონკრეტულ მინისტრებს, უმეტეს შემთხვევაში ეკონომიკური პროფილის მინისტრებს. თუმცა, მიუხედავად ამისა, ჩვენ ყველა ერთხმად აღვნიშნავთ, რომ უნდა გაუმჯობესდეს კომუნიკაცია ბიზნესსა და ხელისუფლებას შორის და უნდა გაიზარდოს გადაწყვეტილებების მიღების სისწრაფე.
ამ მიმართულებით ბიზნესკომპანიები და ბიზნესლიდერები ყოველთვის ღიად ვაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას მთავრობასთან, ისინიც აღიარებენ, რომ ამ მხრივ ქმედითი ნაბიჯებია გადასადგმელი. საჭიროა უფრო მეტი კომუნიკაცია ბიზნესსა და ხელისუფლებას შორის და უფრო მეტი სისწრაფე გადაწყვეტილებების მიღებისას. ეს ყველაფერი კი, ერთის მხრივ დაზოგავს დროს და მეორეს მხრივ, უფრო ეფექტურს გახდის ბიზნესის წარმოების პროცესს, რაც წარმატების მომტანი იქნება ორივე მხარისთვის, როგორც სახელმწიფოსთვის, ასევე ბიზნესისთვის. როცა ქვეყანას ჰყავს ძლიერი ბიზნესი ხელისუფლებაც უფრო ძლიერია და ვფიქრობ, ეს აღქმა საქართველოში უკვე ყველასთვის ნათელია,“-აღნიშნავს ფხაკაძე.