პროკურატურის მიერ „თიბისი ბანკით“ დაინტერესება და ბანკის მიერ 2007-2008 წელს განხორციელებული ტრანზაქციების შესწავლა, ერთ-ერთი გავრცელებული ვერსიით, ანაკლის პორტის მშენებლობასა და ამ საკითხზე ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის პირად დამოკიდებულებას უკავშირდება.
ამ პოზიციას ამყარებს ჯერ კიდევ 2018 წლის ზაფხულში, ბიძინა ივანიშვილისა და უმრავლესობის წარმომადგენელთა შეხვედრის შემდეგ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ ივანიშვილს მამუკა ხაძარაძესთან დაკავშირებით შეკითხვები ჰქონდა და საქმე ანაკლის პორტთან დაკავშირებულ ხელშეკრულებას ეხებოდა. მაშინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ივანიშვილს მიაწოდეს ინფორმაცია, თითქოსდა კვირიკაშვილმა და ხაზარაძემ გარკვეული ალიანსი შეკრეს, შედეგად კი, კვირიკაშვილმა ხაზარაძე და მასთან დაკავშირებული კომპანია „კონტი“, რომელიც ანაკლის პორტის მმართველი კომპანიაა ერთგვარ პრივილეგირებულ პირობებში ჩააყენა.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ მოკლე ინფორმაციას იმის შესახებ თუ რას წარმოადგენს ანაკლიის პორტი და რა მნიშვნელობა აქვს მას ქვეყნისთვის.
2016 წლის თებერვალში „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ ტენდერი მოიგო, რომლის მიხედვითაც კომპანიამ აიღო ვალდებულება, რომ 100 მილიონ ტონიანი გამტარუნარიანობის პორტი ააშენოს და განავითაროს.
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ მიზანია ანაკლიის პორტის საერთაშორისო კლასის კომპლექსად ჩამოყალიბება და მისი უმნიშვნელოვანეს სავაჭრო წერტილად გადაქცევა, როგორც ცენტრალურ აზიასთან, ასევე ახალი აბრეშუმის გზის სავაჭრო გზაზე, ევროპასა და ჩინეთს შორის.
ოფიციალური ინფორმაციით, პორტის მშენებლობა და განვითარება 9 ფაზას მოიცავს, პროექტის მთლიანი ბიუჯეტი 2.5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. პორტი ანაკლიაში 340 ჰექტარ მიწი ფართობზე შენდება.
ვინ შედის „ანაკლიის განვითარების კონსორციუმში“
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებლები არიან ქართველი ბიზნესმენი მამუკა ხაზარაძე, აშშ-სა და მსოფლიოს სხვა ბაზრებზე, უძრავი ქონების, დეველოპმენტის და ინფრასტრუქტურული მრეწველობის სფეროში მოღვაწე ბიზნესმენი კურტ კონტია.
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმში“ შედიან: TBC Holding-ი (საქართველო), Conti International-ი (აშშ), SSA Marine-ს (აშშ), British Wondernet Expres-ი (ცენტრალური აზია) და G-Star Ltd.-ი(ბულგარეთი).
საკონტეინერო ტერმინალის ოპერატორის შერჩევის პროცესში მსოფლიოს შვიდი დიდი კომპანია მონაწილეობდა. "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" გადაწყვეტილებით, 2017 წელს ანაკლიის პორტის ტერმინალის ოპერატორი ამერიკული SSA Marine გახდა.
SSA Marine-ი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტერმინალ-ოპერატორია, რომელიც 250 სტრატეგიულად მნიშვნელოვან ლოკაციაზე ოპერირებს.
საქართველოს მთავრობის ვალდებულებაა უზრუნველყოს უახლეს საგზაო და სარკინიგზო კავშირი ნავსადგურთან.
საქართველოს მთავრობა ასევე პასუხისმგებელია მოსახლეობის განსახლების პროექტზე.
საქართველოს მთავრობასა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შორის გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულების მიხედვით, კონსორციუმს პორტი გადაეცა აღნაგობის უფლებით, 52 წლის ვადით, Build-Operate-Transfer-ის (BOT) პრინციპით.
ანაკლიის პორტის ვიზუალი
ამ შეთანხმების ფარგლებში, საქართველოს მთავრობა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ უზრუნველყოფს 330 ჰა სახმელეთო და 225 ჰა საზღვაო ტერიტორიით, რათა კონსორციუმმა განავითაროს, ააშენოს და ოპერირება გაუწიოს მას.
ანაკლიის პორტი მოემსახურება ბაზრებს: კავკასიის რეგიონში (საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი), ცენტრალურ აზიაში (ყაზახეთი, უზბეკეთი, თურქმენეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი) და ჩრდილოეთ ირანში.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა
ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის ანაკლიაში 340 ჰა ფართობის ტერიტორია შეირჩა, რომლის მშენებლობაც 9 ფაზად განვითარდება. ინვესტიციის საერთო რაოდენობა 2.5 მილიარდ დოლარს შეადგენს. საერთო ჯამში პორტი 10,000 კონტეინერიანი გემებს მიიღებს.
პირველი ფაზის სამშენებლო სამუშაოები 2017 წლის დეკემბერში დაიწყო და მისი დასრულება 2020 წლისთვის იგეგმება.
პირველ ფაზაში ანაკლიის პორტის გამტარუნარიანობა 9.3 მილიონ ტონას მიაღწევს და შესაძლებელი გახდება პორტმა პანამაქსის და პოსტპანამაქსის ტიპის გემების მიღება. პირველი ფაზის ღირებულება 560 მილიონ დოლარს შეადგენს.
პირველი ფაზის ვიზუალი
პირველი ფაზის დასრულების შემდეგ ნავსადგურის კედელი 625 მეტრი იქნება, პორტის სიღრმე 16 მეტრი, ხოლო ნავმისადგომების რაოდენობა 2, კონტეინერების ამწეები: 4-დან 6-მდეა დაგეგმილი, RTG ტიპის ამწეები: 12-დან 18-მდე, ჯებირი : 1600 მეტრი იქნება, პორტის ოპერაციების ხანგრძლივობა წელიწადში: 95% +, ინტერმოდალური ეზო: 800 მეტრის სიგრძის 10 გზა იქნება.
პირველი ფაზის განმავლობაში 60 ჰექტარ სახმელეთო ტერიტორიაზე საკონტეინერო ტერიმინალის მშენებლობა იგეგმება, რომელიც 900 000 კონტეინერსა და 1.5 მილიონ ტონა ტვირთს დაიტევს.
მეორე ფაზის მშენებლობა 2027 წელს დამთავრდება, რომელიც დამატებითი კიდე ერთი ნავსადგურის მშენებლობას ითვალისწინებს. მეორე ფაზის შემდეგ პორტი დამატებით 470 000 კონტეინერსა და 2 მილიონ ტონა ტვირთს დაიტევს.
მესამე ფაზის მშენებლობა კი 2036 წელსაა გაწერილი და პორტი დამატებით 690 00 კონტეინერსა და 3.5 მილიონ ტონა ტვირთს მიიღებს.
მეოთხე ფაზა დასრულდება 2040 წელს, რომლის ფარგლებშიც დამატებით 240 000 კონტეინერს მიიღებს და 6 მილიონ ტონა ტვირთს მიიღებს.
დანარჩენი 5 ფაზის მშენებლობა და განვითარება 2046-62 წლებშია დაგეგმილი.
მეცხრე ფაზის წინასწარი დიზაინი
პორტის ყველა (9) ფაზის დასრულების შემდეგ ანაკლიის პორტს ექნება ორი ტალღმტეხი და ერთი ნავმისადგომი. მთავარ ნავმისადგომში იქნება 7 საკონტეინერო სადგომი. მყარი ტვირთისთვის განკუთვნილი სადგომები იქნება ჩრდილოეთით არსებულ ტალღმტეხთან, საზღვაო მომსახურების/სანაპირო დაცვის დაწესებულებებთან ერთად.
თხევადი ტვირთისთვის განკუთვნილი სამი მისადგომი განთავსებული იქნება სამხრეთ ტალღმტეხზე.
პროექტის დასრულების შემდეგ „ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის“ მახასიათებლები ასეთი იქნება:
ნავსადგურის კედელი: 2 250 მეტრი
ჯებირი : 2 940
კონტეინერების სადგომები: 7 (59 მილიონი ტონა)
მყარი ტვირთის სადგომები: 2 (5 მილიონი ტონა)
თხევადი ტვირთის სადგომები: 1 (36 მილიონი ტონა)
სრული 9 ფაზა – 100 მილიონი ტონა
ასეთი იქნება ანაკლის პორტის ნაწილი
კონტეინერების მართვა ყველაზე დიდი სივრცეს მოითხოვს. კონტეინერების მოსათავსებლად განკუთვნილი სივრცეები ზუსტად მთავარი ნავმისადგომის კედლის უკან მდებარეობს. თხევადი ტვირთის სანახები მდებარეობს მესამე ინტერმოდალურ ეზოში. მყარი ტვირთის სადგომებს ყველაზე მცირე ტერიტორია ეთმობა, ტერმინალებს შორის. ამ ტერმინალის სანახი სივრცე მდებარეობს RTG ტიპის ამწეებიანი პირველი ტერმინალის გვერდით და ამავე ტერმინალლის სატვირთოებისთვის განკუთვნილი შესასვლელის უკან.