ჭიათურაში ენერგომომარაგების ხარისხის გასაუმჯობესებლად რეაბილიტაცია მიმდინარეობს

"ენერგო-პრო ჯორჯიამ" ჭიათურის რაიონის სოფლებში მაღალი ძაბვის ქსელის რეაბილიტაცია დაიწყო.

"ენერგო-პრო ჯორჯიას" ინფორმაციით, სამუშაოების მიზანია ავარიული გათიშვების მინიმუმამდე დაყვანა; შედეგად კი 1 200 აბონენტის ენერგომომარაგება მანდაეთის, ტყემლოვანას, ჩხირაულის და კიდევ 5 მიმდებარე სოფელში სტაბილურობის და ხარისხის თვალსაზრისით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.

სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, ჭიათურის მაღალი ძაბვის ფიდერზე ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს; მონტაჟდება 50 მაღალი ძაბვის ხის და 20 რკინაბეტონის ელექტროგადამცემი საყრდენი და იცვლება 3 000 მეტრი სიგრძის 10 კილოვოლტიანი ხაზი. ქსელის სარეაბილიტაციო პროექტი სავარაუდოდ, ორ კვირაში დასრულდება.

მიუხედავად იმისა, რომ დაბალი ძაბვის ქსელში განხორციელებული სარეაბილიტაციო სამუშაოები მნიშვნელოვნად ამცირებს შესაძლო ავარიულ გათიშვებს და ელექტროენერგიის მიწოდების სტაბილურობის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, ავარიული და უამინდობით გამოწვეული გათიშვების თავიდან აცილების და მთლიანად აღმოფხვრის მიზნით, კომპანიაში აქტიურად ტარდება სარეაბილიტაციო სამუშაოები მაღალი ძაბვის ქსელში.