დღეიდან სამშენებლო მასალებისთვის ტექნიკური რეგლამენტი ამოქმედდა. საუბარია შემდეგი სახის სამშენებლო პროდუქციაზე: ცემენტი, არმატურა, ელექტროკაბელები, პლასტმასის მილები.
დოკუმენტი განსაზღვრავს ეკონომიკური ოპერატორების (მწარმოებელი; მწარმოებლის ავტორიზებული წარმომადგენელი; იმპორტიორი; დისტრიბუტორი) ვალდებულებას, უზრუნველყონ სამშენებლო პროდუქტების შესაბამისობა რეგლამენტის მოთხოვნებთან.
რეგლამენტის თანახმად, იმპორტის გზით სამშენებლო პროდუქტის საქართველოს ბაზარზე განთავსებისთვის, იმპორტიორი ვალდებულია, შემოსავლების სამსახურს წარუდგინოს სამშენებლო პროდუქტის თვისებების დეკლარაცია ან შესაბამისი დოკუმენტები, სამშენებლო პროდუქტის იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევისა და ამ დოკუმენტის ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსთვის მიწოდების მიზნით.
შემოსავლების სამსახური კი ვალდებულია, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას გააჩეროს და არ დაუშვას იმპორტის გზით ისეთი სამშენებლო პროდუქტის ბაზარზე განთავსება, რომელზეც არ იქნა წარდგენილი შესაბამისი დოკუმენტები და აღნიშნულის შესახებ აცნობოს სააგენტოს.
შეგახსენებთ, რომ ტექნიკური რეგლამენტი თავდაპირველად 2018 წლის 15 ნოემბერს ამოქმედდა, მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ ორი თვით მისი მოქმედების გადავადების გადაწყვეტილება იყო მიღებული. სამშენებლო ზედამხედველობის პროცესის ამოქმედების შემდეგ, გამოვლინდა, რომ იმპორტიორთა ნაწილისთვის რთული აღმოჩნდა რეგლამენტით გათვალისწინებული დოკუმენტების წარმოდგენა, რამაც გარკვეული სახის პრობლემები შექმნა საქართველოს საბაჟო საზღვარზე ტვირთნაკადების რიგებთან დაკავშირებით. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მთავრობამ რეგლამენტის მოქმედების ვადა 2019 წლის 15 იანვრამდე შეაჩერა.