ამერიკული ენერგეტიკული კომპანია Pacific Gas & Electric (PG&E), რომელიც შტატ კალიფორნიის ხელისუფლების მხრიდან დადანაშაულებულია ხანძრების სერიის გამოწვევაში, რომელმაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ემზადება თავი გაკოტრებულად გამოაცხადოს. ამის შესახებ The New York Times-ი წერს.
გამოცემის მონაცემებით, PG&E იანვრის ბოლოს აპირებს, რომ გაკოტრებასთან დაკავშირებით მარეგულირებელ ორგანოებს მიმართოს. კომპანიის მისამართით უკვე ასობით სასამართლო სარჩელია შეტანილი, რომელთა კომპენსაციებისა და ჯარიმების ჯამური მოცულობა შესაძლოა, 30 მილიარდ დოლარს აღემატებოდეს.
ამ ინფორმაციების გავრცელებისთანავე კომპანიის აქციებზე ფასმა 40%-ით იკლო.
ცნობისათვის, კალიფორნიის მარეგულირებელი ორგანოების განცხადებით, 2017 წლის ოქტომბერში შტატში გაჩენილი არაერთი ხანძრის მიზეზი ამ ორგანიზაციის მოწყობილობების გაუმართაობამ გამოიწვია. ხანძრების შედეგად კი 18 ადამიანი გარდაიცვალა და 2 ათასამდე შენობა-ნაგებობა განადგურდა.
გარდა ამისა, PG&E-ს ადანაშაულებენ 2018 წლის ნოემბრის, შტატის ისტორიაში ყველაზე დამანგრეველი ხანძრის გამოწვევაშიც, რომლის ჩაქრობა რამდენიმე კვირა გრძელდებოდა და რომელმაც 85 ადამინის სოცოცხლე იმსხვერპლა. ხანძარმა ამ დროს 14 ათასი შენობა-ნაგებობა გაანადგურა.