სავაჭრო ქსელების პოლიტიკა მეწარმეებისა და სადისტრიბუციო კომპანიებისათვის მიუღებელია.
პრობლემა განსაკუთრებით ე. წ. ქეშ-ბექებს უკავშირდება, რის გამოც იმპორტიორები სუპერმარკეტებთან პოზიციებს იძულებით თმობენ, საბოლოოდ კი მომხმარებელი ზარალდება. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, ისინი ამბობენ, რომ სავაჭრო ქსელების წარმომადგენლები ფულს ითხოვენ იმისათვის, რომ დისტრიბუტორების მიერ შემოტანილი პროდუქცია დახლებზე დაალაგონ და გაყიდონ. უკან არც მაშინ იხევენ, როცა საქმე პურსა და პურპროდუქტებს ეხება.
როგორც აღმოჩნდა, სუპერმარკეტები გაყიდული პროდუქტის 12%-ს უკან იღებენ, რითაც მიზანმიმართულად მატულობს ლარის კურსის გამო ისედაც გაძვირებული პროდუქტის ფასი. ამ პრობლემას სამეწარმეო და სადისტრიბუციო ბაზრების წარმომადგენლები, ძირითადად, მსხვილ სავაჭრო ქსელებში აწყდებიან. პატარა, ე. წ. უბნის მაღაზიებში მსგავსი ფაქტები არ არის, ხოლო საშუალო დონის სუპერმარკეტები ქვეყანაში სავაჭრო სისტემიდან ისედაც ამოვარდნენ.
იმპორტიორები და დისტრიბუტორები სავაჭრო ქსელებთან ხელშეკრულებებს კაბალური პირობებით თანხმდებიან, რადგან სხვა გამოსავალი არ აქვთ. ისინი იმედოვნებენ, რომ ამ საკითხით დაინტერესდება კონკურენციის სააგენტო, რომელმაც მეწარმეების მხრიდან პირველი გზავნილი უკვე მიიღო.
რაც არ უნდა წარმოუდგენლად მოგვეჩვენოს, სუპერმარკეტების წარმომადგენლები მაშინაც არ იხევენ უკან, როცა საქმე პურს ეხება. უმთავრესი მოხმარების პროდუქტის გაძვირების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ სავაჭრო ობიექტების მავნებლური პოლიტიკაა, რამაც მწარმოებლებს სერიოზული პრობლემა შეუქმნა და მომხმარებელიც დააზარალა.
პურპროდუქტების ასოციაციის თავმჯდომარე მალხაზ დოლიძის თქმით, ქსელური მარკეტების პოლიტიკამ პურის ფასზე დიდი გავლენა მოახდინა.
„ძალიან ცუდი ტენდენციაა. საფირმო მაღაზიები, კერძოდ, ქსელური მარკეტები, ცუდი წესებით მოქმედებენ და ითხოვენ ე. წ. ქეშბექს, ანუ პური რომ გაგაყიდინონ, ისინი გარკვეულ თანხას გვახდევინებენ. ადრე ეს იყო პურის ღირებულების 5%, ახლა კი 12%-მდე გაზარდეს. პირდაპირ გვეუბნებიან, რომ თუ გვსურს, ჩვენი პროდუქტი თვალსაჩინო ადგილზე განთავსდეს, დამატებით სოლიდური თანხა უნდა გადავიხადოთ.
გადაწყვიტეს, პურზე გააკეთონ ფული და ეს დააწვა თვითღირებულებას, აქ მთელი პრობლემაა, რის შესახებაც კონკურენციის სააგენტოს მივმართეთ და იმედია, თვალს არ დახუჭავენ სავაჭრო ქსელების წარმომადგენელთა ქმედებებზე", - ამბობს „ბიზნეს-რეზონანსთან" მალხაზ დოლიძე.
ანალოგიური პრობლემის წინაშე აღმოჩნდნენ დისტრიბუტორები, რომელთა ინფორმაციითაც, მათ საქმიანობას სავაჭრო ქსელების მხრიდან სერიოზული დაბრკოლება ხვდება და ეს მდგომარეობა თანდათან აუტანელია.
დისტრიბუტორთა ასოციაციის დამფუძნებელი ივა ჭყონია ამბობს, რომ მსხვილი ბიზნესის კაბალურ პირობებს იძულებით თანხმდებიან და ეს პრობლემა გრძელდება უკვე დიდი ხანია.
„პრობლემას ყოველდღიურად ვაწყდებით. რაც უფრო იკლებს მცირე მაღაზიების რაოდენობა და მატულობს ქსელური მარკეტების წილი, მით უფრო გაუსაძლისი ხდება ჩვენი ყოფა. განსაკუთრებით ამ მხრივ სადისტრიბუციო კომპანიებს გვიჭირს.
სრული განუკითხაობაა ბაზარზე არა მარტო პურის, ნებისმიერი პროდუქტის მიმართ ანალოგიური მდგომარეობაა. ითხოვენ კაბალური პირობებით თანამშრომლობას, ნებისმიერ სადისტრიბუციო კომპანიას სხვადასხვა პირობას სთავაზობენ. ყოველწლიურად პროგრესულად იზრდება „ქეშ-ბექის" მოცულობა, რამდენადაც ფართოვდება ამა თუ იმ სუპერმარკეტის ქსელი, მით მეტად ეხსნებათ მადა.
ერთადერთი გამოსავალია, რომ მათი პირობების დაკმაყოფილება პროდუქტის გაძვირების ხარჯზე მოხდეს. განსაკუთრებით გვიჭირს მაშინ, როცა რომელიმე პროდუქტის იმპორტიორი თვითონ სუპერმარკეტების ქსელი ან მასთან ასოცირებული სადისტრიბუციო კომპანიაა, ასეთი კი არაერთია ბაზარზე", - განაცხადა ჭყონიამ.
ის არ გამორიცხავს, რომ ამ საქმეში კონკურენციის სააგენტოს ჩარევა გახდეს საჭირო, რადგან პრობლემა უკვე ნებისმიერი დასახელების პროდუქტთან მიმართებაში არსებობს.
„იმდენად მოძლიერდნენ ქსელური სუპერმარკეტები, რომ უკვე სენსიტიური პროდუქტის - პურის მიმწოდებლებსაც ევაჭრებიან. კონკურენცია პურის ბაზარზე დიდია და იქ მაღალი მარჟის დადება წარმოუდგენელია. 12%-იანი „ქეშ-ბექი" ნებისმიერ საცხობს პრობლემას შეუქმნის, ამიტომ იძულებული ხდებიან, რომ პროდუქტი გააძვირონ.
იძულებულს გვხდიან, რომ მათ შეთავაზებას დავთანხმდეთ, გაუგონარ პირობებში ვართ. ეს არ არის სიახლე, წლების განმავლობაში გრძელდებოდა ასე, მაგრამ რასაც ახლა აკეთებენ, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. საკმაოდ კაბალურ ხელშეკრულებებზე იძულებით გვიწევს დათანხმება. ველოდებით, რომ ამ პრობლემის მოგვარებას შევძლებთ 2019 წელს და ვითარებას შევცვლით, რამდენადაც ამ საკითხით უკვე კონკურენციის სააგენტო და აღმასრულებელი ხელისუფლებაც ინტერესდება", - ამბობს ივა ჭყონია „ბიზნეს-რეზონანსთან".
მომხმარებელთა უფლებადამცველებს მიაჩნიათ, რომ სავაჭრო ობიექტების მავნებლური პოლიტიკა მომხმარებელს აზარალებს, რადგან თითოეული გაძვირებული პროდუქტი სწორედ მოქალაქეების ფინანსურ მდგომარეობაზე აისახება. „ორგანიზაცია „ეტიკის" ხელმძღვანელ ამირან შენგელიას თქმით, პრობლემა სათავეს დიდი ხნიდან იღებს და კანონმდებლობის დონეზეა დასარეგულირებელი.
„ერთი შეხედვით, უჩვეულო არაფერი ხდება – ყველა მეწარმე ფიქრობს, რომ თავისი პროდუქტი გამოსაჩენ ადგილას იყოს, მაგრამ მარკეტებს თავისი პირობები აქვთ. დიდი ხანია, ეს პრობლემა არსებობს. ყველაფერი ისეა გაკეთებული, რომ ვაჭრობა მომხმარებლის მოტყუებაზე, მათ თვალის ახვევაზე იყოს გათვლილი და, სამწუხაროდ, ყველგან ასეა.
სუპერმარკეტების წარმომადგენლებსა და მეწარმეებს შორის არსებული დაპირისპირების კვალი დახლებზეც ჩანს. მაგალითად, არის მაღაზიები, სადაც „კოკა-კოლა" არ იყიდება; სადაც „ნატახტარია", შეიძლება იქ "ზედაზენი" არ იყოს გაყიდვაში. მეწარმეებისა და მაღაზიების შეთანხმების საკითხია, რაც საბოლოოდ მომხმარებელს აზარალებს. არის შემთხვევები, როცა მაღაზია ყველა პროდუქტს არ იღებს.
ასეთი სერიოზული პრობლემა საკანონმდებლო დონეზე უნდა დარეგულირდეს. ყველა იმის ცდაშია, რომ ნაკლები დანახარჯით მეტი მოგება მიიღოს, მაგრამ მომხმარებელზე არავინ ზრუნავს", - აცხადებს „ბიზნეს-რეზონანსთან" შენგელია.
მარი ჩიტაია
გაზეთი „რეზონანსი"