"ფრონტერა" მწარეხევის გაზის კომპლექსის ფართობზე ახალ ბურღვით კამპანიას იწყებს

ნავთობკომპანია "ფრონტერა რისორსიზ კორპორეიშნი" საქართველოში მწარეხევის გაზის კომპლექსის ფართობზე ახალ ბურღვით კამპანიას იწყებს.

როგორც ნავთობკომპანიაში აცხადებენ, უახლოეს მომავალში დაიწყება #32ა ჭაბურღილის მოედნის მოწყობა, ხოლო ბურღვის დაწყება დაგეგმილია აგვისტოს თვეში.

საპროექტო სიღრმეს ჭაბურღილი ბურღვის დაწყებიდან დაახლოებით თხუთმეტ დღეში მიაღწევს. ჭაბურღილი იბურღება მწარეხევის კომპლექსთან დაკავშირებული გაზის პოტენციალის შესწავლისა და გაზრდის მიზნით.

აპრილის თვეში დაწყებული გაზის მოპოვების სამუშაოები გრძელდება. "ფრონტერას" მიერ მოწყობილი გაზის შემკრები მოწყობილობებისა და 14 კილომეტრი სიგრძის გაზსადენის საშუალებით, გაზი მიეწოდება მაგისტრალურ გაზსადენთა ქსელს.

ამჟამად მიმდინარე გაზის მოპოვებისა და ახალი ბურღვითი სამუშაოების პარალელურად, მწარეხევის გაზის კომპლექსის ფარგლებში გრძელდება ფართომასშტაბიანი გეოლოგიური კვლევები.

ნავთობკომპანიის ინფორმაციით, აღნიშნული კვლევები მოიცავენ ამჟამად მიმდინარე გაზის მოპოვების ტექნიკურ მონაცემთა შეფასებას, გეოლოგიურ, გეოფიზიკურ და საინჟინრო მონაცემთა ბაზის დამუშავებას, გეოლოგიურ საველე სამუშაოებს და ასევე გეოლოგიური ნიმუშების აღებას და შესაბამის ლაბორატორიულ ანალიზს.

დღეისათვის ჩატარებულმა კვლევებმა გამოავლინეს მწარეხევის გაზის კომპლექსის ტრადიციული და არატრადიციული რესურსების პოტენციალი.

აღნიშნული სამუშაოები დასრულდება მიმდინარე წლის ბოლომდე.