თბილისში პირველი ე.წ. Car sharing-ის, ავტომობილების გაზიარების პროექტი იწყება

თბილისში პირველი ე.წ. Car sharing-ის, ავტომობილების გაზიარების პროექტი იწყება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ პირდაპირი ჩართვისას რესპუბლიკის მოედანზე განაცხადა.

როგორც კალაძე აცხადებს, პირველ ეტაპზე დედაქალაქში 300 ელექტრო ავტომობილი იქნება პროექტში ჩართული და ის მომხმარებელს რამდენიმე სხვადასხვა ლოკაციიდან მოემსახურება.

ავტომობილით სარგებლობა მომხმარებლებს სპეციალურ პროგრამაში ჩართვის და აპლიკაციის ჩამოტვირთვის შემდეგ შეეძლებათ.

„ყველა ევროპულ ქალაქში არის ე.წ. Car sharing, ანუ ხდება ავტომობილების გაზიარება. ყველა ადამიანს შეუძლია აიყვანოს ავტომობილი, გადაიხადოს თანხა და ისარგებლოს მთელი დღის განმავლობაში ან რამდენი ხნითაც მოესურვება. ასეთი პროექტის განხორციელება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. გვქონდა საუბარი სხვადასხვა ბიზნესსექტორის წარმომადგენელთან და ისინი წარმოგვიდგენენ უახლოეს მომავალში დიდ პრეზენტაციას. ყველა ავტომობილი იქნება ელექტრო. ქალაქში ძალიან მალე 300 ავტომობილი იქნება ჩამოყვანილი და განთავსდება სხვადასხვა ლოკაციაზე. თითოეულ თბილისელს, ვინც დარეგისტრირდება პროგრამაში, გადმოიწერს აპლიკაციას, ექნება შესაძლებლობა გამოიყენოს ავტომობილი. ფასი იქნება ყველასთვის ხელმისაწვდომი. პირველ ეტაპზე თბილისში სამი ტიპის ავტომობილი იქნება NISSAN LEAF, RENO, SMART. დროთა განმავლობაში მათი რაოდენობა ქალაქში გაიზრდება და თბილისის ყველა რაიონში, ყველა უბანში განთავსდება“, - განაცხადა კალაძემ.

„სპეციალური აპლიკაცია აჩვენებს სად მდებარეობს მანქანა, შეგეძლებათ ამავე აპლიკაციით დაარეზერვოთ და აპლიკაციის მეშვეობითვე გახსნათ ავტომობილის კარი, დაქოქოთ ავტომობილი გასაღების გარეშე, ასევე აპლიკაციის მეშვეობით გაიგებთ რამდენი ხანი შეგეძლებათ ავტომობილით სარგებლობა და რამდენი პროცენტით არის მისი ბატარეა დამუხტული. ავტომობილის გამოყენების შემდეგ მისი დატოვება თბილისში ნებისმიერ ადგილზე შეგეძლებათ“, - აღნიშნა პირდაპირი ჩართვისას კომპანიის წარმომადგენელმა.

ავტომობილების განთავსების ლოკაციებზე ასევე იქნება ავტომობილის დასამუხტი მოწყობილობები.

კომპანია პრეზენტაციას უახლოეს მომავალში გამართავს.