საქართველოსთვის დაახლოებით 92.7 მლნ. დოლარის გამოყოფაზე საფინანსო ხელშეკრულება გაფორმდა

საქართველოს მთავრობამ და მსოფლიო ბანკმა განვითარების პოლიტიკის მესამე ღონისძიების (DPO III) ფარგლებში საქართველოსთვის დაახლოებით 92.7 მლნ აშშ დოლარის გამოყოფის თაობაზე საფინანსო ხელშეკრულება გააფორმეს.

ხელშეკრულებას საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა და მსოფლიო ბანკის რეგიონალურმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში ჰენრი კერალიმ მოაწერეს ხელი.

"ახალი ხელშეკრულება მსოფლიო ბანკსა და საქართველოს შორის 2014-2017 ფისკალურ წლებში დაგეგმილი თანამშრომლობის ნაწილია, რომელიც სრულად მოიცავს მთავრობისთვის პრიორიტეტულ სექტორებს და თანხვედრაშია ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიასთან", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.

მსოფლიო ბანკის რეგიონალურმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში ჰენრი კერალიმ, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ "განვითარების პოლიტიკის მესამე ღონისძიება მიმართულია საქართველოს კონკურენტუნარიანობის და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობისკენ".

"დღეს ხელმოწერილი შეთანხმება ითვალისწინებს ქვეყანაში შემდგომი სტრუქტურული რეფორმების, ასევე ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაში თქვენი ქვეყნის მხარდაჭერას," - განაცხადა კერალიმ.

კონკურენტული გარემოს შექმნისა და ეკონომიკური განვითარების მხარდამჭერი პროგრამა საერთაშორისო განვითარების ასოციაციის (IDA) და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის (IBRD) მიერ გამოყოფილი ფინანსური რესურსებით ფინანსდება.