„რეზონანსი" - საოჯახო სასტუმროებს გაზის შეღავათიან ტარიფს უწესებენ?!

წყლის შემდეგ, საოჯახო ტიპის სასტუმროებმა შესაძლოა, გაზის გადასახადიც შეღავათიანი ტარიფით გადაიხადონ.

ცვლილება, რომელიც 2018 წლის ბოლოს მცირე ბიზნესის ამ ნაწილს შეეხო, უფრო მეტად ფართოვდება. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, სემეკ-ში აცხადებენ, რომ ამ კუთხით მუშაობა ჯერჯერობით არ დაუწყიათ, მაგრამ მისი განხორციელების შანსი არსებობს.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია საოჯახო სასტუმროებისთვის დარიცხვის ახალი სისტემის დანერგვას, წყალმომარაგების შემდეგ, ბუნებრივი აირის სექტორშიც გეგმავს.

მოქალაქეები, რომლებიც სხვადასხვა საიტის საშუალებით აქირავებენ როგორც დღიურად, ასევე გრძელვადიან პერიოდში, წყლის მოხმარების საფასურს საყოფაცხოვრებო ტარიფით გადაიხდიან. სემეკ-ის ერთ-ერთი წევრის მოსაზრებით კი, ეს სისტემა გაზის ტარიფზეც უნდა გავრცელდეს.

„რეზონანსს" სემეკ-ში განუცხადეს, რომ ჯერ მუშაობაც კი არ დაუწყია უწყებას იმაზე, რომ მსგავსი სატარიფო პოლიტიკა, რაც წყალმომარაგებასთან დაკავშირებითაა, გავრცელდეს გაზის კომპონენტზეც. იმ ობიექტებს, რომლებიც საქართველოს მასშტაბით საოჯახო სასტუმროებად რეგისტრირებულები არიან, დღეს ბუნებრივი გაზის კომერციული ტარიფის გადახდა უწევთ. როგორც სემეკ-ის წარმომადგენელი გიორგი ფანგანი აღნიშნავს, გადასახადის შერეული მოდელი საოჯახო სასტუმროებს ბუნებრივი გაზის მოხმარების საშუალებას კომერციულ ტარიფზე გაცილებით შეღავათიან ფასად მისცემს.

„ჩვენი მიზანია, რომ ეს არ გადაიხადონ სრული დატვირთვით მაინც და მხოლოდ მაშინ მოხდეს კომერციული გაზის ტარიფის გამოყენება, როცა იქ რეალურად არასაყოფაცხოვრებო საქმიანობა ხდება. დღეს ბუნებრივი აირის სექტორში არასაყოფაცხოვრებო მხარე მთლიანად დერეგულირებულია და კომპანიები თვითონ აწესებენ ტარიფს. ჯერ სასმელ წყალზე დავასრულებთ მუშაობას, თუმცა რასაც ამ მხრივ გავაკეთებთ, სამომავლოდ გამოცდილება გამოგვადგება", - განაცხადა გიორგი ფანგანმა „ბიემთან" საუბრისას.

მხოლოდ საოჯახო სასტუმროებისათვის ტარიფის შემცირებას დისკრიმინაციულად მიიჩნევს ეკონომისტი ემზარ ჯგერენაია. როგორც მან „რეზონანსთან" აღნიშნა არ შეიძლება, მიდგომა იყოს შერჩევითი და უმჯობესია, მცირე ბიზნესზე თანაბრად ერთი მიდგომა გავრცელდეს.

„ეს მიდგომა თითქოს პოზიტიურია და იწვევს მცირე ბიზნესისა და საოჯახო სასტუმროების წახალისებას, განსაკუთრებით კი - ესოდენ პოპულარულ ტურიზმის სექტორში. სინამდვილეში, ის არის უკიდურესად დისკრიმინაციული. რა დააშავეს სხვა ძალიან მცირე კომპანიებმა, რომლებსაც რამდენიმე თანამშრომელი ჰყავთ? ზოგადად, სეგრეგაცია არასდროსაა დადებითი შედეგის მომტანი. მიდგომა უნდა იყოს ერთიანი და თანასწორი.

მცირე ბიზნესს ნამდვილად სჭირდება წახალისება, განსაკუთრებით ჩვენი ეკონომიკის პირობებში, მაგრამ მისი რომელიმე სექტორის გამოყოფა, მერწმუნეთ, ცუდი შედეგის მომტანი იქნება", - ამბობს ჯგერენაია.

შეგახსენებთ, რომ სატარიფო პოლიტიკის ცვლილებაზე საუბარი საოჯახო ტიპის სასტუმროებისა და გამქირავებლებისათვის გასული წლის ბოლოს დაიწყო. 13 დეკემბრის საჯარო სხდომაზე სემეკ-მა იმსჯელა მომხმარებელთა საჩივრებზე შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" წინააღმდეგ. სადავო საკითხები შეეხებოდა სასმელი წყლის უმრიცხველო მოხმარებისათვის კომპანიის მიერ განხორციელებულ დარიცხვებს იმ ფიზიკურ პირებზე, რომლებიც ეწევიან საოჯახო ტიპის სასტუმროების გაქირავებას.

მომხმარებელთა განმარტებით, ისინი არ ეთანხმებოდნენ სამართალდამრღვევებად ცნობას და შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" მიერ განხორციელებულ დარიცხვებს. დარიცხვებთან დაკავშირებით მომხმარებელთა მოთხოვნა დაკმაყოფილდა და დარიცხვები გაუუქმდებათ. სემეკ-მა განაცხადა, რომ რადგან მსგავსი ტიპის საჩივრები არაერთი დაფიქსირდა, კომისიის გადაწყვეტილებით, დაწყებულია მუშაობა რეგულაციებზე, რომლებიც გულისხმობს ახალი მიდგომების შემუშავებას ასეთი ტიპის მომხმარებლებისათვის.

თამარ მუკბანიანი

გაზეთი „რეზონანსი"