„ვარკეთილის მეტროს ჭერის ჩამონგრევის მიზეზი არასწორად შედგენილი პროექტი იყო“,-ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„რაც შეეხება ვარკეთილის მეტროსადგურში ჭერის ჩამონგრევის საკითხს და მის რეკონსტრუქციას, ჩვენ მიერ ჩატარებული საექსპერტო კვლევის შედეგად, დადგენილია, რომ არსებული კონსტრუქციებიდან გამომდინარე პროექტი უსაფრთხოების ნორმებს არ შეესაბამება და თავიდან უნდა განხორციელდეს. ანუ რეაბილიტაციის წინა პროექტი არასწორად იყო შედგენილი და ყველაფრის თავიდან დაწყება მოგვიწია. ძალიან მალე ახალი პროექტი მზად იქნება და სამუშაოებსაც დავიწყებთ ისე, რომ უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს დაცული,“-აღნიშნა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის იანვარში ვარკეთილის მეტროში ჭერი ჩამოინგრა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა. აღნიშნული მეტროსადგურის რეაბილიტაცია 2017 წლის სექტემბერში დასრულდა. სამუშაოები შპს „ყვარელრემმშენმა“ განახორციელა, პროექტი კი „გეომეფს“ ეკუთვნოდა. ცნობისთვის, ამ კომპანიათა ხელმძღვანელები პროკურატურამ გასულ წელსვე სცნო დამნაშავედ.