1-ლი იანვრიდან დღემდე საქართველოს ეროვნულ ბანკში სესხის გამცემ სუბიექტად რეგისტრაციაზე 100-მდე განაცხადი უკვე შევიდა. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ საფინანსო ბაზარზე ოპერირების დაწყების უფლება ყველას ექნება, სებ-ი ნებართვას იმ შემთხვევაში გასცემს, თუ კომპანია ყველა წესს დააკმაყოფილებს.
როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ სებ-ში განუცხდეს, განაცხადების მიღება გრძელდება: „ამ ეტაპზე განაცხადების მიღება ისევ გრძელდება. ასევე პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს დოკუმენტაციის შესწავლა. თუ პირს ყველა დოკუმენტაცია ექნება წესრიგში და დააკმაყოფილებს მოთხოვნას, შესაბამისად, მოხდება მისი რეგისტრაცია“.
როგორც ცნობილია, 2019 წლის 1-ლი იანვრიდან სესხის გამცემი პირი, რომელიც 20-ზე მეტ პირზე გასცემს სესხს, ვალდებულია ეროვნულ ბანკში დარეგისტრირდეს. სუბიექტებს დარეგისტრირება 30 აპრილამდე შეეძლებათ. თუ კომპანიები სებ-ში არ დარეგისტრირდებიან, მათ მხოლოდ 2019 წლის 1-ელ იანვრამდე გაცემული და სესხის/კრედიტის დაფარვასთან/ამოღებასთან დაკავშირებული ოპერაციების განხორციელების უფლება ექნებათ.
სესხის გამცემი სუბიექტის სარეგისტრაციო მოსაკრებელი 10 000 ლარს შეადგენს.
რაც შეეხება საფინანსო ბაზრის სხვა მოთამაშეებს, სარეგისტრაციო მოსაკრებლის განაკვეთები ასე გამოიყურება:
ა) საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაცია – 5 000 ლარი;
ბ) საგადახდო სისტემის ოპერატორის რეგისტრაცია – 10 000 ლარი;
გ) მიკროსაფინანსო ორგანიზაციის რეგისტრაცია – 50 000 ლარი;
დ) ვალუტის გადამცვლელი პუნქტის რეგისტრაცია – 3 000 ლარი;
რაც შეეხება სალიცენზიო მოსაკრებელის განაკვეთებს, საბანკო საქმიანობის შემთხვევაში ეს 200 000 ლარს შეადგენს, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების საქმიანობის შემთხვევაში კი 10 000 ლარს.