მერიამ გურამიშვილის მეტროს რეაბილიტაციის პროექტი დაიწუნა - კიდევ  რომელი სადგურების განახლება მოხდება

დედაქალაქის მერია ისნის, თავისუფლების მოედნის, რუსთაველის, მარჯანიშვილისა და წერეთლის მეტროსადგურების რეაბილიტაციას გეგმავს.

აღნიშნული შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, უკვე მიმდინარეობს ტენდერების შემუშავება და უახლოეს მომავალში მათი გამოცხადებაც იგეგმება.

კალაძემ, ავლაბრისა და გურამიშვილის მეტროსადგურების მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებზეც ისაუბრა.

„ავლაბრის მეტროსადგურის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის 20 თებერვლისთვის დასრულდება და უკვე განახლებული სახით გააგრძელებს ფუნქციონირებას. რაც შეეხება „გურამიშვილის“ სადგურის მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს, მის შემთხვევაში დაწუნებული იქნა პროექტი, ამიტომ ახლიდან მოხდება პროექტის შემუშავება და შემდეგ მის მიხედვით დაიწყება მეტროსადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოები. ამასთან, მინდა აღვნიშნო, რომ მიდის მუშაობა და უახლოეს მომავალში გამოცხადდება ტენდერი ისნის, თავისუფლების, რუსთაველის, მარჯანიშვილისა და წერეთლის მეტროსადგურების სარეაბილიტაციო პროექტის შესყიდვაზე,“-აღნიშნა კალაძემ.

თაია არდოტელი