რუისთან საპროტესტო აქციის გამო, ავტობანის სამშენებლო სამუშაოები შეჩერებულია

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის რუისის მონაკვეთზე, ადგილობრივი მცხოვრებლების ერთმა ჯგუფმა, ავტობანის სამშენებლო სამუშაოები შეაჩერა.

მშენებარე მაგისტრალის ამ მონაკვეთზე გზა რუისელებმა მანქანებით ჩახერგეს და სამშენებლო ტექნიკას მოძრაობის საშუალებას აღარ აძლევენ. რამდენიმე ათეული სატვირთო ავტომობილი გადაადგილებას ვეღარ ახერხებს.

პროტესტის მიზეზი სამშენებლო ტერიტორიაზე მოყოლილი მიწის ნაკვეთების სანაცვლოდ კომპენსაციების მოთხოვნაა.

რუისელების განცხადებით, მათი კუთვნილი 5 ჰექტარი სახნავ-სათესი ფართობი იმ ტერიტორიაზე მოყვა, სადაც ავტობანის მშენებლობა მიმდინარეობს, კომპენსაციას კი, ამაოდ ითხოვენ.