აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სამეცნიერო-საკონსულტაციო ჯგუფმა 2018 წლის მუშაობის შედეგები შეაჯამა

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის კვლევის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის 2018 წლის შედეგები შეაჯამეს.

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ცნობით, 2018 წელს, სოფლის მეურნეობის დარგის სპეციალისტთა ჯგუფმა დასავლეთ საქართველოში თხილნარებისა და ფერმერთა საკარმიდამო ნაკვეთების ფიტოსანიტარული მდგომარეობა შეისწავლა.

მათივე ინფორმაციით, სპეციალისტებმა ფერმერთა ნაკვეთებიდან მავნე ორგანიზმებით დაზიანებული თხილის ნიმუშებზე ლაბორატორიული კვლევები ჩაატარეს, რომლის შედეგადაც დადგინდა, რომ თხილის ძირითადი ნაწილი სოკოვანი დაავადებების შედეგად არის დაზიანებული.

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ შემუშავებული ფენოკალენდარული სქემის მიხედვით შეწამლულ ბაღებში თხილის მოსავლის 84% საღია, თვითნებურად შეწამლულ ბაღებში - 22%, შეუწამლავ ბაღებში კი მხოლოდ 8%-ია საღი.

2018 წლის განმავლობაში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ერთობლივი პროექტის „მობილური ექსტენცია“ ფარგლებში, აზიური ფაროსანას ბრძოლის ღონისძიებებსა და თხილის ბაღების მავნებელი დაავადებებისგან დაცვის საკითხებზე, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებმა 48 ტრენინგი და 22 საველე დღე ჩაატარეს.

„აღსანიშნავია, რომ მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის კვლევის დეპარტამენტის წარმომადგენლები საქართველოში აზიური ფაროსანას ბიოაგენტის მოძიებაზე, ასევე, ბიოპრეპარატების გამოცდასა და მათი ეფექტიანობის ზრდაზე მუშაობენ. აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გამოიცადა როგორც საზღვარგარეთ წარმოებული, ასევე ქართველი მეცნიერების მიერ შექმნილი 10-ზე მეტი ბიოპრეპარატი“, - აცხადებენ უწყებაში.

შეხვედრაზე 2019 წელს დაგეგმილი სამუშაოების შესახებაც გამახვილდა ყურადღება. მეცნიერები აზიური ფაროსანას ბიოაგენტის ძიებას, ბიოპრეპარატების გამოცდასა და თხილის ბაღების ფიტოსანიტარული მდგომარეობის შესწავლას აგრძელებენ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ბაზაზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ანასეულში მიმდინარეობს მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის ლაბორატორიის მოწყობა, სადაც მეცნიერულ დონეზე აზიური ფაროსანას პრობლემატიკის შესწავლა, ბიოლოგიური აგენტების ძიება და გამრავლება მოხდება.

შეხვედრას საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, გურამ ალექსიძე, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი, ლევან უჯმაჯურიძე, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე, ზურაბ ლიპარტია, აგრარული უნივერსიტეტის, მცენარეთა დაცვის ინსტიტუტის წარმომადგენლები და აგრარული დარგის სპეციალისტები ესწრებოდნენ.

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ღონისძიებების გატარება იანვრიდან დაიწყება
საქართველო ფაროსანას პრობლემას სრულად 3 წლის ვადაში დაძლევს