გუდაურში ფრენებს კიდევ ერთი უცხოური კომპანია განახორციელებს. სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, საკურორტო ზონაში ფრენების განხორციელების ნებართვა „HTM Helicopter Travel Munich GmbH“-ს მიენიჭა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ კომპანია „HTM Helicopter Travel Munich GmbH“-ზე ფრენების განხორციელების ნებართვა 15 იანვარს გასცა.
უწყების ინფორმაციით, სააგენტოში შეტანილი განაცხადის მიხედვით, გერმანულ-ავსტრიული კომპანია „HTM Helicopter Travel Munich GmbH“, მიმდინარე წლის 31 იანვრიდან 18 მარტამდე, AS 350 B3-ის ტიპის თანამედროვე ვერტმფრენით, გუდაურში „Heli-skiing” ტურებს მოემსახურება, რაც მოთხილამურეებისა და სნოუბორდისტებისაგან წინასწარ დაკომპლექტებული ტურისტული ჯგუფების ვერტმფრენიდან გაუკვალავ თოვლში გადასხმას და მათთვის თხილამურებით სრიალისა და სნოუბორდინგის ორგანიზებას გულისხმობს.
ამასთან, ფრენები დაიშვება ხელსაყრელ მეტეოროლოგიურ პირობებში და ვიზუალური ფრენის წესებით (VFR).
„HTM Helicopter Travel Munich GmbH“ ვერტმფრენების მეორე უცხოური კომპანიაა, რომელიც წელს გუდაურის საკურორტო ზონაში ფრენებს განახორციელებს. ავსტრიული „Wucher Helikopter Gmbh“ ე.წ. „Heli-skiing” ტურებს 15 იანვრიდან 15 აპრილამდე გუდაურის, მესტიისა და გოდერძის საკურორტო ზონებში მოემსახურება.
სააგენტოს ინფორმაციით, ქართული კომპანიებისთვის ქვეყნის ტერიტორიაზე იგივე საქმიანობის განხორციელება დაშვებულია გამარტივებული პირობებით - ოპერირების დაწყებამდე ფრენის გეგმის (Flight Plan) მიწოდებით შპს „საქაერონავიგაციისთვის“.