ყვითელი მიკროავტობუსების ნაწილისთვის სამარშრუტო ხაზი იცვლება

ყვითელი მიკროავტობუსების ნაწილისთვის მოძრაობის მიმართულება შეიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახური ავრცელებს.

„თბილისის მთავრობამ მიკროავტობუსების ერთი ახალი მარშრუტის ამოქმედების, ექვს მარშრუტში ცვლილებისა და ერთი მარშრუტის გაუქმების საკითხი განიხილა.

ახალი - N69 მიკროავტობუსი მეტროსადგურ „300 არაგველიდან“ კრწანისის ქუჩაზე, რაიონის გამგეობის შენობამდე იმოძრავებს. მარშრუტზე სამი მიკროავტობუსი გადანაწილდება. N69 მიკროავტობუსის დანიშვნა ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნითა და გამგეობამდე მოქალაქეების მგზავრობის გამარტივების მიზნით გადაწყდა.

ცვლილებები მიკროავტობუსების შემდეგ მარშრუტებსაც შეეხება:

ჭაბუკიანის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობის ახალი სქემიდან გამომდინარე, N80 და N220 მარშრუტების კორექტირება გახდა საჭირო. N80 მიკროავტობუსი ცინცაძის ქუჩიდან სადგურის მოედნისკენ პეკინის გამზირის გავლით იმოძრავებს. N220 მიკროავტობუსი კი მიცკევიჩის ქუჩიდან ჯერ პეკინის გამზირს დაუკავშირდება, ხოლო შემდეგ - იოსებიძის, იშხნელებისა და შარტავას ქუჩებს გაივლის და სააკაძის მოედნიდან მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობს.

N107 მიკროავტობუსი მეტროსადგურ „ისნამდე“ მოსკოვისა და ქეთევან დედოფლის გამზირების ნაცვლად, კახეთის გზატკეცილის მეშვეობით დაუკავშირდება; N64 - ჩიქოვანის ქუჩამდე ვარაზისხევის ქუჩის, ჭავჭავაძის გამზირისა და რამიშვილის ქუჩების გავლით მივა; N159 და N178 გაერთიანდება და N159 მიკროავტობუსის სახით, „ლილო მოლის“ მიმართულებით ძველებურად, მეტროსადგურ „ავლაბრიდან“ იმოძრავებს.

რაც შეეხება N141-ს, მარშრუტი მგზავრთნაკადის სიმცირის გამო, მე-3 მასივიდან მეტროსადგურ „დიდუბემდე“ განისაზღვრება.

თბილისის მთავრობამ ასევე, განიხილა N56 მარშრუტის გაუქმების საკითხი, რომელიც ჭავჭავაძის გამზირის N83-დან ვაკის სასაფლაომდეა დადგენილი. აღსანიშნავია, რომ N170 მიკროავტობუსის მარშრუტის დაგრძელების შემდეგ, N56-მა მგზავრები დაკარგა და არარენტაბელური გახდა,“-აღნიშნულია სამსახურის განცხადებაში.

თბილისის მთავრობა მიკროავტობუსების მარშრუტების შესახებ მიღებულ დადგენილებას დასამტკიცებლად, დედაქალაქის საკრებულოს გადაუგზავნის.

თაია არდოტელი