საქართველოში ბიზნესგარემოს შეაფასებენ

პროგრამის ფარგლებში 3000-მდე კომპანიის გამოკითხვა იგეგმება.

მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია ბიზნესის სფეროების მიხედვით კვლევას ატარებს. კვლევის მიზანი საქართველოს ბიზნესში არსებული მდგომარეობის განსაზღვრა, კონკურენტული გარემოს ანალიზი და შეფასებაა.

მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის წარმომადგენლის, მიხეილ მერაბიშვილის განცხადებით, 3000-მდე გამოსაკითხი კომპანია სტატისტიკის ეროვნული დეპარტამენტის საჯარო ინფორმაციის ბაზაზე შეირჩა. მისი ინფორმაციით, შერჩევის ძირითადი კრიტერიუმი იყო, რომ კომპანიები ყოფილიყვნენ მცირე და საშუალო სეგმენტის წარმომადგენლები.

მერაბიშვილის თქმით, მცირე და საშუალო ბიზნესად დაყოფა ბრუნვების მიხედვით მოხდა: 500 ათას ბრუნვამდე არის მცირე ბიზნესი, ხოლო 500 ათასიდან 1,5 მილიონამდე - საშუალო.

”შესაბამისად, შეირჩა ის კომპანიები, რომლებიც პირველი აპრილის მონაცემებით იყვნენ აქტიურები და ჰქონდათ ბრუნვები. სულ არის 3 სფერო: მომსახურება, წარმოება და ვაჭრობა, ეს 3 სფერო კიდევ დაყოფილია 40 ქვეკატეგორიად”,- განაცხადა მიხეილ მერაბიშვილმა და დასძინა, რომ ამ ქვეკატეგორიების მიხედვით გამოვლინდება პრობლემატური საკითხები და ბიზნესსფეროში არსებული მდგომარეობა.

აღნიშნული კვლევა, ფორმატიდან გამომდინარე პირველად ტარდება. კვლევის მიზანი არა მხოლოდ შედეგების გამოვლენაა, არამედ კონსულტირებაც. როგორც მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის წარმომადგენელმა განაცხადა, კვლევის ფარგლებში მოხდება მეწარმეების კონსულტირება და ინფორმირება მათთვის მნიშნელოვან საკითხებთან დაკავშირებით.

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ გადაცემა : ”საქმე”