საქართველოში ინკლუზიური ტურიზმის განვითარება იწყება

რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა თავი სრულფასოვან ტურისტებად იგრძნონ?

სამთავრობო და საზოგადოებრივი ორგანიზაციები ერთობლივი პროექტის განხორციელებას იწყებენ. პროექტის მიზანი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სრულფასოვანი ტურისტული პროდუქტების მომზადება და შეთავაზებაა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საიტზე შეიქმნება საინფორმაციო გვერდი, სადაც განთავსდება კულტურული ძეგლები, ციფრული რუკები, ვიდეო გიდი, ინფოტურები და ა.შ

როგორც ასოციაცია "პარსას" წარმომადგენელი თამარ მახარაშვილი აცხადებს ინკლუზიური ტურიზმის განვითარებისთვის საქართველო მზად არის, თუმცა ამ კუთხით სამუშაო საკმაოდ ბევრია. მისი თქმით, საქართველოში ტურიზმის ამ სფეროს განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია, თუნდაც ეკონომიკური ეფექტის თვალსაზრისით.

როგორც მახარაშვილი განმარტავს, ინკლუზიური ტურიზმი ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში სტატისტიკურად მზარდ და ეკონომიკურად მაღალეფექტურ სფეროს წარმოადგენს.

”ინკლუზიური ტურიზმის განვითარება შეუძლებელია უნივერსალური დიზაინის სტანდარტების შესაბამისად ადაპტირებული გარემოს გარეშე. ამიტომაც, ეს არის ხანგრძლივი პროცესი და ამ მიმართულებით ნაბიჯები უნდა გადაიდგას”,-აცხადებს ასოციაცია "პარსას" წარმომადგენელი.

საქართველოში ევროპიდან ჩამოვიდნენ არქიტექტორები, რომლებმაც ჩვენი ქვეყანა დაათვალიერეს და როგორც მახარაშვილი ამბობს, ინკლუზიური ტურიზმის განვითარების კუთხით, დიდი პოტენციალი დაინახეს.

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ გადაცემა : ”საქმე”