გზების სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს დამატებით 75 მლნ დოლარი მოხმარდება

შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის გზების სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს დამატებით 75 მილიონი აშშ დოლარი მოხმარდება.

საფინანსო ხელშეკრულებას ხელი დღეს საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებმა უკვე მოაწერეს

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის თქმით, "მსოფლიო ბანკი კვლავ განაგრძობს საქართველოსთვის მხარდაჭერას პროგრამების განხორციელების მიმართულებით. ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც გათვალისწინებული სახსრები შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მესამე პროექტის განხორციელებას მოხმარდება".

"პროექტის მთავარი ბენეფიციარები ადგილობრივი მაცხოვრებლები, ბიზნესსექტორის წარმომადგენლები და გზით მოსარგებლეები არიან. პროექტის განხორციელების შემდეგ, მათ ბაზარსა და საჭირო მომსახურებებზე მეტი წვდომა ექნებათ", - აღნიშნა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, ჰენრი კერალიმ.

შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მესამე პროექტის მიზანს სატრანსპორტო ხარჯების შემცირება და შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის გზების ქსელების მართვის მდგრადობის გაუმჯობესება წარმოადგენს. პროექტის ფარგლებში მოხდება 200 კილომეტრი სიგრძის გზის მონაკვეთების რეაბილიტაცია, რის შედეგადაც სამ ქალაქთან (თელავი, სამტრედია და წალენჯიხა), 126 სოფელთან და დაახლოებით 45 600 ოჯახთან დაკავშირება გამარტივდება, რაც, დაახლოებით, 138 000 ადამიანს გულისხმობს. ამ სოფლების უმეტესობა ისეთ რეგიონებში მდებარეობს, სადაც გადაადგილება ჭირს და და სიღარიბის მაღალი მაჩვენებელია დაფიქსირებული. ასევე, მოსალოდნელია, რომ პროექტი დაბალშემოსავლიან მოსარგებლეთა ტრანსპორტის საჭიროებებს დააკმაყოფილებს და მიზნობრივ რეგიონებში, ეკონომიკურ შესაძლებლობებზე უკეთესი წვდომის მეშვეობით, ადგილობრივ დონეზე განვითარებას ხელს შეუწყობს.

"იმ გზების ნუსხა, რომელიც სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს საჭიროებს, შევათანხმეთ ადგილობრივ თვითმმართველობებთან. მაქსიმალურადაა გათვალისწინებული ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებები. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ახალი მონაკვეთის, ბაკურციხე-გურჯაანის შემოვლითი, დაახლოებით, 15 კილომეტრიანი გზის მშენებლობა. ამავე პროექტის ფარგლებში, განხორციელდება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების აქტივობები. ასევე, დაგეგმილია კვლევა, რომელიც მოიცავს სოფლის მოსახლეობის ჩართულობას ადგილობრივი გზების მოვლა-შენახვაში, რაც დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნის", - განაცხადა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ელგუჯა ხოკრიშვილმა.