როგორც გამოცემა „გარდიანი“ იუწყება, ქვეყანაში მომუშავე 170-ზე მეტი ბიზნესის მფლობელები და ფირმები, ბრექსიტის განმეორებით რეფერენდუმს ემხრობიან.
მათ შეადგინეს წერილი, რომლითაც ქვეყნის ლიდერებს მოუწოდებენ, მისცენ ხალხს იმის შანსი, რომ თავიანთი სურვილი კიდევ ერთხელ გამოხატონ.
ახალ რეფერენდუმს სიმბოლურად „ხალხის ხმა“ უწოდეს. განმეორებით რეფერენდუმზე ადრეც იყო ლაპარაკი, თუმცა მისი აქტუალობა მას შემდეგ გამოიკვეთა, რაც პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის ბრექსიტის გეგმამ პარლამენტში გამართულ კენჭისყრაზე კრახი განიცადა. ბიზნესმენთა წერილს გამოცემა „ტაიმსი“ აქვეყნებს. ის ორივე ძირითადი პარტიის ლიდერებს, მეორე რეფერენდუმის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.
საქმეში ჩართული ბიზნესების ბიუჯეტისადმი ჯამური წლიური ხეირი 100 მილიარდ სტერლინგს აღემატება. ისინი შიშობენ, რომ ხელშეკრულების გარეშე ევროკავშირის დატოვება, ბრიტანეთის ეკონომიკას მძიმე დარტყმას მიაყენებს. ბიზნესებთან ერთად, მათში დასაქმებული მოსახლეობაც ძლიერ დაზარალდება.
წერილში იმაზეცაა ლაპარაკი, რომ მისი შემდგენლების დიდი ნაწილი, მეის ბრექსიტის გეგმას ემხრობოდა. ამასთან, ისინი თვლიან, რომ აღნიშნული გეგმა შორს იყო სრულყოფილებისგან. მათი პოზიციის მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი, ევროკავშირთან არსებული ეკონომიკური ურთიერთობის შენარჩუნებაა.
წერილში ლაპარაკია იმაზე, რომ მეის გეგმის ჩავარდნის შემდეგ, მთავარი ამოცანა ევროკავშირიდან ქაოსურად გამოსვლის თავიდან აცილებაა.
„ამის თავიდან აცილებისთვის, ერთადერთი მისაღები ნაბიჯი ის იქნება, თუ ხალხს კიდევ ერთხელ ვკითხავთ, სურთ თუ არა ევროკავშირიდან გასვლა. დრო სულ უფრო ცოტა გვრჩება იმისთვის, რომ გადავწყვიტოთ, რა გზას ვირჩევთ. პოლიტიკოსებმა ფანტაზიებზე დრო არ უნდა დაკარგონ. ჩვენ ორივე ძირითადი პარტიის ლიდერებს მოვუწოდებთ, რომ ხალხის ხმას მხარი დაუჭირონ“, - ნათქვამია წერილში.