„დედაქალაქის მასშტაბით, შეიძლება ათი ათასობით ადამიანი ცხოვრობდეს ისეთ საცხოვრებელ კორპუსებში, რომლებიც ექსპლუატაციაში მიღებული არაა"

დედაქალაქის მასშტაბით, შეიძლება ათი ათასობით ადამიანი ცხოვრობდეს ისეთ საცხოვრებელ კორპუსებში, რომლებიც ექსპლუატაციაში მიღებული არაა. გაზი, წყალი, ელექტრომომარაგება ექსპლუატაციასთან კავშირში არაა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების საკითხზე საუბრისას განაცხადა. ამასთან, კალაძის ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებების დასრულებისთანავე, დაზიანებულ კორპუსში აღდგენითი და სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება.

„ამ ეტაპზე, შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ამის შემდეგ, როგორც კი შესაძლებლობა მოგვეცემა, აღდგენის სამუშაოებს დავიწყებთ. კორპუსს რეაბილიტაცია ჩაუტარდება და მოსახლეობას გარემონტებული ჩაბარდება. დედაქალაქის მასშტაბით, შეიძლება ათი ათასობით ადამიანი ცხოვრობდეს ისეთ საცხოვრებელ კორპუსებში, რომლებიც ექსპლუატაციაში მიღებული არაა. გაზი, წყალი, ელექტრომომარაგება ექსპლუატაციასთან კავშირში არაა. მშენებელმა უნდა წარმოადგინოს არქიტექტურის სამსახურის მიერ გაცემული ნებართვა და თუ ის თანხვედრაშია უკვე განხორციელებულ პროექტთან, ამის შემდეგ ხდება მისი ექსპლუატაციაში მიღება. ამ კონკრეტულ კორპუსს მერიაში წარმოდგენილი ჰქონდა დოკუმენტაცია მიღებასთან დაკავშირებით, დაუდგინდა მცირე ხარვეზები, რაც გამოსწორდა. დოკუმენტები ისევ მერიაში შემობრუნდა და უახლოეს დღეებში კორპუსი ექსპლუატაციაში მიღებული იქნებოდა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერიის ინფორმაციით, კახა კალაძე სასტუმრო „ტეხასსა“ და „შაინში“ მივიდა, სადაც თბილისის მერიამ დაზარალებული ოჯახების ნაწილი დროებით დააბინავა. თბილისის მერმა სასტუმროების მფლობელებს, რომელთაც დაზარალებულ თანამოქალაქეებს დროებითი საცხოვრებელი ნებაყოფლობით დაუთმეს, მადლობა გადაუხადა.

„მინდა, სასტუმროს ხელმძღვანელობას მადლობა გადავუხადო თანამშრომლობისთვის, თანადგომისთვის, რადგან ეს ადამიანები ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე შეიფარეს. სოლიდარობის გრძნობა რომ არსებობს, ეს მნიშვნელოვანია და ასეთი ადამიანები დასაფასებელი არიან. დედაქალაქის მერია, საბურთალოს რაიონის გამგეობა ყველაფერს გააკეთებს, რომ ამ ადამიანებს პრობლემა არ შეექმნათ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ამ დროის მონაცემებით, დაზარალებული 87 ადამიანი ოთხ სხვადასხვა სასტუმროშია გადანაწილებული.

დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით, მოქმედებს საბურთალოს გამგეობის საუბნო განყოფილების ცხელი ხაზი, რომელიც 24-საათიან რეჟიმში მუშაობს. ნებისმიერი დახმარების საჭიროების შემთხვევაში, მოქალაქეებს შეუძლიათ, დარეკონ ნომერზე: 2 37 45 31. ცხელ ხაზზე მომხდართან დაკავშირებით სრული ინფორმაციის მიღებაცაა შესაძლებელი.