ქვეყანაში წესად იქცა ცუდი პრაქტიკა - ინჟინრების საკეთებელ საქმეს  სხვა სპეციალობის წარმომადგენლები "აკეთებენ"

ქვეყანაში წესად იქცა ცუდი პრაქტიკა - ინჟინრების საკეთებელ საქმეს სხვა სპეციალობის წარმომადგენლები "აკეთებენ" - ამის შესახებ ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი დავით მირცხულავა „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.

„ზოგადად უსაფრთხოების საკითხებისადმი სახელმწიფოს მხრიდან არაჯეროვანი ყურადღების უამრავი ფაქტი გვაქვს ქვეყანაში: ესაა ქვანახშირის შახტები, სადაც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში უამრავი ადამიანი დაიღუპა. ესაა ვერის ხეობაში წყალდიდობა და უსაფრთხოების რისკების იგნორირება, პროექტირების პერიოდში, ესაა შუახევი ჰესის გვირაბის ჩამონგრევა, სადაც საბედნიეროდ ადამიანები არ დაიღუპნენ, ზარალი კი კოლოსალურია, ესაა ფონიჭალაში ბუნებრი გაზის გაჟონვა და აფეთქება, ესაა გუშინ დიღომში მომხდარი ტრაგედია. ფაქტია უამრავი შემთხვევაა და სისტემურ პრობლემასთან გვაქვს საქმე. ესაა უზარამაზარი დეფიციტი შესაბამისი საკანონმდებლო, ნორმატიული აქტების, დარგობრივი რეგლამენტების.

გაიხსენეთ ბოლოს როდის ნახეთ (უფროსი თაობის ადამიანებს ემახსოვრებად უფრო) ან გინახავთ თუ არა საერთოდ გაზზე მომუშავე მოწყობილობების და შიდა გაზის გაყვანილობის უსაფრთხოების კონტროლიორი თქვენს ბინაში, რომელიც წესით ყოველწლიურად მაინც უნდა ამოწმებდეს მოწყობილობების და შიდა ქსელის ტექნიკურ მდგომარეობას. გინახავთ კი ვინმე ოფიციალური წარმომადგენელი გაზის სადიტრიბუციო კომპანიიდან საჯაროდ, რომ გვირჩევდეს გვთავაზობდეს გაზის გაჟონვის საწინააღმდეგო დეტექტორ ანალიზატორის (ჩამკეტი კლაპანით) მონტაჟს ბინებში უსაფრთხოებისათვის. ასეთი გაზის გაჟონვის დეტექტორები ხომ აუცილებელია გაზის საყოფაცხოვრებელი მომხმარებლებისათვის დასავლეთის ქვეყნებში, მაგალითად გერმანიაში, რომელიც ასევე ამზადებს ამ ტიპის საუკეთესო მოწყობილობებს.

და კიდევ ქვეყანაში აშკარაა უკვე და წესადაც იქცა ცუდი პრაქტიკა ინჟინრების საკეთებელ საქმეს "აკეთებენ" სხვა სპეციალობის წარმომადგენლები, იურისტები, ექიმები, ფილოლოგები, მუსიკოსები და ასე შემდეგ. რამდენჯერ მინახია ასეთ "ხელმძღვანელებს " ნახაზის წაკითხვაც უჭირთ და " გეგმავენ" სამუშაოს... ასე გაგრძელება მართლა არ შეიძლება, საინჟინრო საქმეს ინჟინრები უნდა აკეთებდნენ,“-წერს მირცხულავა.