„ნენსკრა ჰესი“ ექსპლუატაციაში 2025 წლისთვის შევა

„ნენსკრა ჰიდრო” აკმაყოფილებს ყველა საერთაშორისო სტანდარტს და ჩვენი კომპანიისთვის ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

არამარტო სამშენებლო სამუშაოებზე, არამედ, ოპერირების პერიოდშიც მაქსიმალურად დასაქმდება ადგილობრივი მოსახლეობა“,— განუცხადა რადიო „კომერსანტს“ „ნენსკრა ჰიდროს” ოპერაციების მართვის დირექტორმა თეიმურაზ კოპაძემ.

„ნენსკრა ჰესის“ მშენებლობა სვანეთის რეგიონში, კერძოდ მდინარე ნენსკრაზე, ჭუბერის ხეობაშია დაგეგმილი. მისი სიმძლავრე 280 მეგავატი იქნება. იგი საშუალებას მოგვცემს მივიღოთ დამატებითი 1,200 000 000 კილოვატი საათი ენერგია წლის განმავლობაში. პროექტირების ეტაპზე გათვალისწინებული იქნა მთელი რიგი ნიუანსები, მათ შორის, ქართული ელექტროენერგიის ბაზრის მოხმარების რეჟიმები, იგი გათვლილია ზამთრის დეფიციტურ სეზონზე ელექტროენერგიის გამომუშავებისთვის. სწორედ ამან განაპირობა, რომ ჰესი მაღალკაშხლიანი რეზერვუარით, წყალსაცავითაა დაგეგმილი, რომლის ფართობიც 4 კმ-მდე იქნება. შედარებისთვის, „ენგურჰესის“ წყალსაცავი 15 კმ-ს შეადგენს. ჩვენი ჰესი ამ მხრივ, პატარაა, თუმცა გენერაციის კუთხით საკმაოდ დიდ წვლილს შეიტანს საქართველოს ენერგო მომარაგებაში“, — ამბობს თეიმურაზ კოპაძე.

რაც შეეხება ჰესის კონფიგურაციას, კოპაძის განმარტებით, იგი შედგენილია იმგვარად, რომ მაქსიმალურად გათვალისწინებული ყოფილიყო მოსახლეობის ინტერესები და მათზე ზეგავლენა. „შედეგად, მივიღეთ კაშხლის ისეთი ლოკაცია, რომელიც უახლოეს დასახლებულ პუნქტს 7კმ-ით არის მოშორებული და მინიმუმამდეა დაყვანილი ადგილობრივ მოსახლეობაზე ზეგავლენა. ამასთანავე, ინჟინრული გადაწყვეტილების შედეგად, მიღებულ იქნება სქემა - მდინარე ნენსკრას პარალელური ხეობიდან, მდინარე ნაკრადან მოხდება წყლის დამატებითი რესურსის გადაგდება ნენსკრას რეზერვუარში, რაც კიდევ უფრო გააუმჯობესებს ნენსკრას გენერაციულ შესაძლებლობებს“, - განმარტავს „ნენსკრა ჰიდროს“ ოპერაციების მართვის დირექტორი.

„პროექტზე მუშაობა ჯერ კიდევ, 2011-2012 წლებში დაიწყო. საკმაოდ გრძელი ეტაპი გაიარა კვლევის პროექტირების, სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენის, შეთანხმებების თვალსაზრისით სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და მათ სტანდარტებთან. ჩვენ გვაქვს საბოლოო პროექტი —ნენსკრა აკმაყოფილებს ყველა საერთაშორისო სტანდარტს და, რა თქმა უნდა, ქართულ სტანდარტს“, - განაცხადა თეიმურაზ კოპაძემ რადიო „კომერსანტის“ ეთერში.

მისი თქმით, ამ ეტაპზე ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. რაც მისასვლელი გზების მომზადებას, ხიდების მშენებლობასა და იმ ინფრასტრუქტურის შექმნას გულისხმობს, რომელიც აუცილებელია ძირითადი სამუშაოების დაწყებისთვის. ჰესი ექსპლუატაციაში 2025 წლისთვის შევა.

„ჩვენი კომპანიისთვის ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. არამარტო მშენებლობით სამუშაოებზე, არამედ, ოპერირების პერიოდშიც მაქსიმალურად დასაქმდება ადგილობრივი მოსახლეობა. ამ ეტაპზე თამამად შეგვიძლია ვთქვათ,რომ საქართველოს მოქალაქეები 100%-ით არიან დასაქმებული. აქედან 90%-ზე მეტი ადგილობრივი მოსახლეობაა. შემდგომ ეტაპზე, როცა გენერალური კონტრაქტორი შემოვა და მასშტაბური სამუშაოები დაიწყება, აუცილებლად გვექნება იგივე მოთხოვნა უკვე გენერალურ კონტრაქტორთან, რომ ადგილობრივები დასაქმდნენ და ეს სატენდერო მოთხოვნების ერთ-ერთი ძირითადი პუნქტი გახლავთ.

ჩვენი კომპანია კორეის წყლის რესურსების კომპანიაა, რომელიც ერთ-ერთი დიდია კორეაში. ის მართავს სეულის წყლის განაწილების სისტემებს, ამასთანავე, მხოლოდ კორეის ტერიტორიაზე 16 ჰიდროელექტროსადგურს მართავს. აქვს საკმაოდ დიდი გამოცდილება სხვადასხვა ქვეყანაში ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობასა და ოპერირებაში.

თავისთავად, მსგავსი მსხვილი კომპანია დიდი სოციალური პასუხისმგებლობით გამოირჩევა და ამ შემთხვევაში, არც საქართველო და კონკრეტული პროექტი იქნება გამონაკლისი. უკვე დაწყებულია მთელ რიგ სოციალურ პროექტებზე მუშაობა. გათვალისწინებულია ბიუჯეტი და იგი მოიცავს სხვადასხვა მიმართულებას, მათ შორის, მცირე ბიზნესის ხელშეწყობას, სადაც ჩართული იქნება ადგილობრივი მოსახლეობა - ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, სოფლის მეურნეობის სხვადასხვა პროგრამის, კოოპერატივისა და სხვა იურიდიული წარმონაქმნების ხელშეწყობას. ჩვენთან გათვალისწინებული იქნება მთელი რიგი ტრენინგები და გადამზადების კომპონენტები, რომლებსაც 2019 წელს შევთავაზებთ ადგილობრივ მოსახლეობას, რათა გენერალური კონტრაქტორს მშენებლობის ეტაპზე შევთავაზოთ ადგილობრივი, გადამზადებული, კვალიფიციური მუშახელი“, - ამბობს თეიმურაზ კოპაძე.

„კომერსანტი“