თანამედროვე მსოფლიოში გენდერულ თანასწორობას საკმაოდ დიდი ყურადღება ექცევა, თუმცა ამის მიუხედავად, მთელი რიგი დარღვევები და დისკრიმინაციული შემთხვევები კვლავ ხდება. მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად მდიდარი ქვეყნებიც კი ცდილობენ თავიდან აიცილონ ისეთი სამუშაო ადგილები, სადაც გენდერული მიკერძოების ალბათობა უფრო მაღალია. რაც შეეხება განვითარებად სახელმწიფოებს, იქ დისკრიმინაციის დონე კვლავ თვალშისაცემია.
მსოფლიო ბანკის ანგარიშის მიხედვით, მსოფლიოს 104 ქვეყანაში გარკვეული სამუშაო ადგილები ქალებისთვის დაბლოკილი და მიუწვდომელია. ზოგიერთი სახელმწიფო ქალებისთვის ზედმეტად საშიში სამუშაო ადგილების სიასაც კი აქვეყნებს (რუსეთის მიერ გამოქვეყნებულ სიაში შესულია მატარებლის და გემის მართვაც). სხვადასხვა ქვეყნებში ქალებს ზოგჯერ მთლიანად ცალკეულ სექტორებში მუშაობაც კი ეკრძალებათ, ზოგან ეს შეზღუდვა ღამის ცვლებზე ვრცელდება და გარკვეულ ადგილებზე „მორალური შეუსაბამობის“ გამო იბლოკებიან ქალები სამუშაოზე (ყაზახეთში ასეთი შეზღუდვები მსხვილფეხა საქონლის სასაკლაოებში მოქმედებს). მსოფლიოს ოთხ სახელმწიფოში ქალებს არ შეუძლიათ ბიზნესის დარეგისტრირება, 18 ქვეყანაში კი ქმრებს შეუძლიათ ცოლებისთვის მუშაობის აკრძალვა.
როგორც „ეკონომისტი“ წერს, ამის მიზანი ხშირად „სუსტი სქესის“ დაცვაა. ზოგიერთი კანონი ქალს ბავშვების მსგავს კატეგორიაშიც კი აყენებს და მათ ფიზიკურად მძიმე სამუშაოებისგან იცავს. ასეთი ადგილების სიაში შედის სამთომომპოვებელი, სამშენებლო და საწარმო ინდუსტრიები.
ზოგიერთ ქვეყანაში დიდი ყურადღება ექცევა ქალთა უსაფრთხოების უზრუნველყოფას. მაგალითად, მუმბაიში, ქალ მაღაზიის გამყიდველებს არ შეუძლიათ სამუშაო ადგილზე კაცების მსგავსად გვიანობამდე დარჩენა. მთელ რიგ სახელმწიფოებში კი ქალთა მუშაობის უფლება ბავშვთა აღზრდის მიზნით იზღუდება. მაგალითად, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის თანახმად, ასეთი სექსისტური შეზღუდვები განსაკუთრებით მოქმედებს ფეხმძიმე და ლაქტაციის პერიოდში მყოფი ქალებისთვის, განსაკუთრებით ქიმიურ ნივთიერებებთან დაკავშირებულ სამუშაო ადგილებზე. მართალია, ასეთი დროებითი და სპეციფიკური ზომები არ შედის მსოფლიო ბანკის კვლევაში და გავლენას არ ახდენს სტატისტიკაზე, თუმცა, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის აზრით, ასეთი დამცავი აკრძალვები უკვე „მოძველებული“ და „დრომოჭმულია“.
ავტორი: გვანცა კაკაურიძე