თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ის ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ვაკის პარკში სასტუმრო არ აშენდეს.
ამის შესახებ მან ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობასთან დაკავშირებით გამოთქმული ბრალდებების საპასუხოდ განაცხადა.
„ძალიან მძიმე სიტუაციაში ვიმყოფებით. ვინც დღეს გარკვეულ გულისტკივილს გამოთქვამდა და ბრიფინგი მიუძღვნა ჩემს განცხადებებს, ზუსტად ამ ადამიანმა გასცა ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობაზე ნებართვა იმ კონკრეტულ ადგილზე, სადაც რესტორანი „ბუდაპეშტი“ იყო განთავსებული. ამ მოცულობისა და მასშტაბის შენობა-ნაგებობის განთავსება ცენტრალურ პარკში ჩემთვის კატეგორიულად მიუღებულია. სარჩელი სასამართლოში იყო შეტანილი და ჩვენდა სამწუხაროდ, სასამართლომ ის არ დააკმაყოფილა, ანუ გაცემული ნებართვა ძალაში დატოვა. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ვაკის პარკში სასტუმრო არ აშენდეს. აქ საზოგადოების მხარდაჭერა დამჭირდება და ვფიქრობ, რომ ამას ერთიანი ძალისხმევით მოვახერხებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.