საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, 3,4 მილარდი ევროს ოდენობით ფინანსური დახმარება, რომელიც ევროკავშირმა გამოყო, ქვეყანაში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორცილებისთვის დაიხარჯება. შესაბამისი განცხადება პრემიერმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე გააკეთა.
ფინანსური დახმარების გამოყოფისთვის მამუკა ბახტაძემ ევროკავშირს მადლობა გადაუხადა.
„მინდა, პოზიტიური ინფორმაცია მოგაწოდოთ. მოგეხსენებათ, რომ ევროკავშირმა საქართველოს გამოუყო 3,4 მილიარდი ევროს ფინანსური სახსრები. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც დაგვეხმარება საქართველო გავხადოთ კიდევ უფრო კონკურენტუნარიანი. ეს არის კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ საქართველო ევროკავშირის საიმედო პარტნიორია. აღნიშნული თანხა მოხმარდება რამდენიმე ათეულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს. შესაბამისად, ჩვენი თხოვნა ევროპის მიმართ, რომ გარდაუვალი ყოფილიყო ფინანსური დახმარება საქართველოს მიმართ, დაკმაყოფილებულია. მსურს, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ევროპელ მეგობრებს ამისთვის. როგორც მოგეხსენებათ, 21 ნოემბერს გვქონდა ჩვენ ამ საკითხზე შეხვედრა, როდესაც საქართველოს, როგორც ერთადერთ ქვეყანას ევროკავშირმა შესთავაზა ის ფორმატი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სიიდან, სადაც ჩვენ გვქონდა პირდაპირი შეხვედრები და პირდაპირი კომუნიკაცია ევროკომისრებთან. ჩვენ მათთან ერთად გავიარეთ აღნიშნული პროექტები და შესაბამისად, მინდა ჩვენს საზოგადოებას ვამცნო, რომ ეს პორტფელი არის დამტკიცებული. მინდა ყველას მივულოცო და კიდევ ერთხელ განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენს ევროპელ მეგობრებს ამ გადაწყვეტილებისთვის“, - განაცხადა მამაუკა ბახტაძემ.