„მომხმარებელთა უფლებების შესახებ კანონი ბიზნესისთვის დამოკლეს მახვილივით უნდა იყოს“ - სად და რატომ იზღუდება მყიდველის არჩევანის თავისუფლება

სულ უფრო ხშირია შემთხვევები, როდესაც მომხმარებელი სასურველი რამდენიმე დასახელების პროდუქტის შეძენას ერთ კონკრეტულ ქსელურ მარკეტში ვერ ახერხებს. ამის მიზეზი ის თამაშის წესებია, რომელიც დიდმა ქსელებმა შემოიღეს. მათთან პროდუქციის განსათავსებლად მეწარმეებს კონკრეტული პირობები დაუწესეს, რომელსაც ვინც ვერ ერგება, დახლებზე ვერ ხვდება. შედეგად, მომხმარებელი იძულებულია რამდენიმე მარკეტი მოიაროს, ან შეთავაზებული ალტერნატიული დასახელების პროდუქცია შეიძინოს.

როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, მსგავსი ვითარება მომხმარებლის უფლებებს ზღუდავს, მაშინ როდესაც ნებისმიერი ბიზნესისთვის „კლიენტი“ ამოსავალი წერტილი უნდა იყოს.

მომხმარებელთა უფლებების დამცველები გამოსავალს რეგულაციებში ხედავენ, რომელიც მათივე ინფორმაციით, უკვე შემუშავებულია, თუმცა გაურკვეველი ვადით თაროზეა შემოდებული.

როგორც ცნობილია, რითეილის ბაზარზე თამაშის თავისებური წესები მოქმედებს, რომლებიც ისინი მწარმოებლებს უყენებენ. ამ წესებს შორისაა პროდუქციის შეტანის გადასახადი (ე.წ. ლისტინგი), „ქეშბექი“, ექსკლუზიური ფასდაკლება, მარკეტინგული ბიუჯეტის შეთანხმება, გაყიდვების წინასწარ განსაზღვრული გეგმის შესრულება და ა.შ. მსხვილ ბიზნესს მეტ-ნალებად აქვს იმის ფინანსური რესურსი, რომ თამაშის ამ წესებს აყვეს, თუმცა საშუალო და მცირე მეწარმეები ამას ვერ ახერხებენ.

„ხშირია შემთხვევა, როდესაც მაღაზიაში მიდიხარ, მაგალითად, გინდა გამაგრილებელი სასმელი, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე დასახელებისას გთავაზობენ, რომელთა შორის, შესაძლოა, შენთვის სასურველი საერთოდაც არ იყოს. ასეთ ვითარებაში, რა თქმა უნდა, მომხმარებლის უფლება ილახება. ამას ემატება ისიც, რომ თუ პროდუქცია მაღაზიებში გარკვეული შეღავათით შედის და მაგალითად, 1-ლარიანი პროდუქციის შეტანის ფასი 70 თეთრია, ის ყველგან მაინც ლარად იყიდება და კონკრეტული მაღაზიისთვის გაკეთებულ შეღავათს მომხმარებელი მაინც საკუთარი ჯიბიდან იხდის. ასე რომ, ეს მიდგომა ორმხრივად აზარალებს მყიდველს“,-აცხადებს „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის ასოციაცია „ეტიკის“ ხელმძღვანელი ამირან შეგნელია.

მისი თქმით, თავად ქსელებიც არ არიან დაინტერესებული, რომ მომხმარებლები „დაბმული“ ჰყავდეთ და მათთვის სასურველი ყველა პროდუქცია შესთავაზონ - „მაშინ როდესაც უცხოეთში, თუ ერთით მეტ პროდუქციას იყიდი, კონკრეტული ქსელი თვლის, რომ მისი მომხმარებელია და თავზე ევლებიან. ჩვენთან არა, ერთ ან ორ დასახელებას გთავაზობენ და იძულებული ხარ იყიდო, ან თუ არ გინდა „კარგად იყავი“.

ამ ვითარებაში თავად ადგილობრივი წარმოება რომ იჩაგრება, ეს ცალკე თემაა. სინამდვილეში, ქართული უკეთესია, უფრო ახალია, ნაკლებ საფრთხეს შეიცავს, მაშინ, როდესაც ზოგიერთი იმპორტირებული პროდუქტი საქართველოში ჩამოსვლამდე 3 თვე გზაშია“,-აცხადებს ამირან შენგელია.

მისი თქმით, პროდუქციაზე არჩევანის თავისუფლება განსაკუთრებით შეიზღუდა მას შემდეგ, რაც ქსელური მარკეტები გაფართოვდნენ და მეწარმეებს საკუთარი პირობები დაუწესეს.

„ამ ვითარებას ხელი შეუწყო ქსელური მარკეტების გაფართოვებამ. ისინი თუ პირობითად დღეში 1000 ცალს ყიდიან, პატარა მაღაზიები ამ ოდენობის რეალიზაციას ვერ ახერხებენ. შესაბამისად, მეწარმე იძულებულია, დათანხმდეს იმ მარკეტების პირობებს, სადაც საქონელ-ბრუნვა დიდია. ეს თამაშის წესები სწორედ ქსელურმა მარკეტებმა მოიგონეს და თავიანთ პირობებს სთავაზობენ მეწარმეებს“, - აცხადებს ამირან შენგელია.

ვინ და როგორ უნდა იზრუნოს მომხმარებლების უფლებებზე, ამირან შენგელია ამბობს, რომ ამას წესით, კანონი უნდა არეგულირებდეს, რომელიც უკვე წლებია თაროზეა შემოდებული.

„ამაზე უნდა იზრუნოს კანონმა მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ, რომელიც 2012 წლიდან მუშავდება. დღეს, ხვალ, ზეგ და არ დაადგა მის მიღებას საშველი. მხოლოდ ერთი მოსმენა იყო და მას შემდეგ თაროზე შემოდეს. თუ ეს კანონი არ ამოქმედდა, მომხმარებელმა როგორ უნდა დაიცვას თავი კონკრეტული შემთხვევებისგან?! მაგალითად, თუ ჩივილზე მიდგება საქმე, რის საფუძველზე უნდა იჩივლოს? საკანონმდებლო ბაზა ხომ უნდა არსებობდეს. ეს არის კანონის მთელი კომპლექსი, რომელიც ძალიან ბევრ საკითხს დაარეგულირებდა. მსოფლიოში ასეა, მომხმარებელს უნდა ჰქონდეს არჩევანის თავისუფლება. ჩვენს შემთხვევაში, როგორ გააკეთოს არჩევანი? პირობითად, მწვანე ერთ მაღაზიაში იყიდება, წითელი - მეორეში და იძულებული ხარ იყიდო ის, რომელიც შენთან ახლოს არის. სწორედ ამით სარგებლობენ მაღაზიათა ქსელები. ეს კანონი 1961 წელს სწორედ იმიტომ მიიღო აშშ-მ, რომ იქ მომხმარებელთა უფლებები და თავისუფლება უმთავრესია. საქართველოში კი, თუ რამე შეიძინე და მოიწამლე, იმასაც ვერ ამტკიცებ, რომ კონკრტულ მარკეტში შეძენილი პროდუქტით მოიწამლე. ეს საკითხი აუცილებლად დასარეგულირებელია. მეტიც, მე ვფიქრობ, მომხმარებელთა უფლებების შესახებ კანონი, ბიზნესისთვის დამოკლეს მახვილივით უნდა იყოს“, - აცხადებს ამირან შენგელია.

ნინი ქეთელაური