ეკონომიკურმა საბჭომ "ნენსკრაჰესის" პროექტი დაამტკიცა

2015 წლის გაზაფხულიდან საქართველოში "ნენსკრას" ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა დაიწყება.

ამის შესახებ გადაწყვეტილება ეკონომიკურმა საბჭომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით გუშინდელ სხდომაზე მიიღო.

გავრცელებული ინფორმაციით, პროექტით მსხვილი კორეული სახელმწიფო კომპანია დაინტერესდა. მისი საინვესტიციო ღირებულება 570 მილიონი დოლარია, ხოლო დადგმული სიმძლავრე - 210 მეგავატი.

როგორც ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, "ნენსკრაჰესის" მშენებლობა მიზნად ისახავს შემოდგომა-ზამთრის პერიოდში საქართველოს შიდა ბაზარზე არსებული დეფიციტის შემცირებას.

ჰესის მშენებლობა 2020 წლის ბოლოს დასრულდება. ჰიდროელექტროსადგურამდე მისასვლელი გზის სამშენებლო სამუშაოებს კი "საპარტნიორო ფონდი" წლის ბოლომდე განაახლებს.