შეუძლია თუ არა აშშ-ს თურქეთის ეკონომიკისთვის ზიანის მიყენება?

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თუ ანკარა სირიაში ქურთებზე თავდასხმას გადაწყვეტს, აშშ მას ეკონომიკურად გაანადგურებს. საპასუხოდ, თურქეთი აცხადებს, რომ ამერიკა მათ ეკონომიკას ვერ დააზიანებს. მიუხედავად ამისა, როგორც „ბიბისის“ წერს, ტრამპის მიერ „ტვიტერზე“ დადებული განცხადების შემდეგ, თურქული ლირა საგრძნობლად გაუფასურდა დოლართან მიმართებაში, თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მალევე აღიდგინა დაკარგული ღირებულება. ეს ფაქტი შესაძლოა, იმაზე მიანიშნებდეს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებას ნაკლები გავლენის მოხდენა შეუძლია თურქეთის ეკონომიკაზე. ამის გასარკვევად გონივრული იქნებოდა საკითხის ქრონოლოგიურად განხილვა.

მჭიდრო კავშირები დაძაბულობის ფონზე

ვაშინგტონსა და ანკარას შორის ისტორიულად ყოველთვის მჭიდრო კავშირები არსებობდა, იქნება ეს პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სამხედრო.

თურქეთი - ნატოს წევრი სახელმწიფო - აშშ-ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია, თუმცა, დაძაბულობა მაშინ დაიწყო, როდესაც გასული წლის აგვისტოში აშშ-მა სანქციები დააწესა თურქეთზე, ამერიკელი პასტორის, ენდრიუ ბრანსონის დაკავების გამო.

ამან ისედაც შერყეულ ურთიერთობებსა და მყიფე ეკონომიკას დამატებითი დარტყმა მიაყენა. ამასთან, აშშ-მა გააორმაგა ტარიფები თურქულ ფოლადსა და ალუმინზე, რამაც გამოიწვია თურქეთის ლირის ღირებულების - 40%-ით გაუფასურება. საპასუხოდ თურქეთმა აშშ-დან იმპორტირებულ მანქანებზე ტარიფი 120% - მდე გაზარდა, ალკოჰოლურ სასმელებზე 140% -მდე, ხოლო თამბაქოზე 60% -მდე.

რითი ვაჭრობს თურქეთი აშშ-სთან?

პრინციპში, თურქეთის ექსპორტის მხოლოდ 5% მოდის აშშ-ზე და თავადაც მხოლოდ მცირედით მეტი საქონლის იმპორტირებას ახდენს. თურქეთს ჩინეთთან, რუსეთთან და გერმანიასთან უფრო დიდი და მნიშვნელოვანი სავაჭრო ურთიერთობები აქვს. მიუხედავად აშშ-სთან მცირე სავაჭრო ურთიერთობისა, ეს კავშირები საკმაოდ მნიშნელოვან და მოწყვლად სფეროებზე მოდის. ესენია საჰაერო ტრანსპორტი, რკინა, ფოლადი და მანქანები. სწორედ ეს უკანასკნელი გახდა ის სეგმენტი, რომელზე სანქციების დაწესებაც აშშ-მა 2018 წელს გადაწყვიტა.

თურქეთს უკვე დიდი ხანია დეფიციტი აქვს საერთაშორისო ვაჭრობაში, ამის გამო მას უფრო მეტი საქონლის იმპორტირება უწევს, ვიდრე ექსპორტირება. თუმცა, ეს განსხვავება გასულ წელს მნიშვნელოვნად შემცირდა, ლირის დასუსტების ფონზე, რამაც თურქეთის ექსპორტის კონკურენციის ზრდა და იმპორტის გაძვირება გამოიწვია.

ეკონომიკური მოწყვლადობა

თურქეთი, დიდი საგარეო ვალის გამო შესაძლოა, საკმაოდ მოწყვლად ქვეყნადაც მივიჩნიოთ. 2018 წლის სექტემბრის ბოლოს მისმა საგარეო ვალმა მშპ-ის 50%-ს გადააჭარბა.

„ეს თურქეთის აქილევსის ქუსლია“ - აცხადებს იორკის უნივერსიტეტის ეკონომისტი გულჯინ ოზქანი.

თურქეთის საგარეო ვალს, ორი საკმაო შემაშფოთებელი თავისებურება ახასიათებს:

შედარებით დიდია მოკლევადიანი სესხის წილი, რომელთა გადახდაც უახლოეს მომავალშია საჭირო.

ამას დამატებული, ვალების უმეტესი ნაწილი ამერიკულ დოლარში და ევროშია აღებული. ამდენად ვალი უფრო იზრდება თურქული ვალუტის ღირებულების შემცირების პარალელურად, მაშინ, როდესაც სხვა ვალუტები, დოლარის ჩათვლით, იმატებს.

ვალუტის გაუფასურება ასევე მოქმედებს თურქეთის ინფლაციის პრობლემაზე, რომელმაც გასულ წელს 25%-საც კი გადააჭარბა.

საბაზრო განწყობა მნიშნელოვანია

უნდა აღინიშნოს, რომ თურქეთის ეკონომიკა 2001 წლიდან მოყოლებული, ზრდის ტემპით გამოირჩეოდა. თუმცა ეს თავდაჯერებულება გასულ წელს შედარებით გაფერმკრთალდა, რაც გამოწვეული იყო ეკონომიკური ხარჯების გაზრდითა და სესხის ოდენობით.

ამდენად, ნებისმიერმა დაპირისპირებამ აშშ-სთან შესაძლოა, კიდევ უფრო შეარყიოს ფინანსური ბაზრისადმი ნდობა და თურქული ეკონომიკის სიძლიერე.

„ამან შესაძლოა გამოიწვიოს კაპიტალის შემოდინების შემცირება და თურქეთის ვალუტის ღირებულებაზე უარყოფითი გავლენა მოახდინოს" , - აცხადებს ეკონომისტი გულჯინ ოზქანი.

სტრატეგიული მოკავშირის დასუსტება

მაგრამ თურქეთთან პოლიტიკური და სტრატეგიული ურთიერთობების მნიშვნელობის გათვალისწინებით, რომელიც სირიასთან, ერაყთან და ირანთან საერთო საზღვრებს იზიარებს, აშშ-ს შედარებით ფრთხილად მოქმედება მოუწევს.

თურქეთი ისრაელისა და არაბთა გაერთიანებული საემიროების შემდეგ, ამერიკული თავდაცვითი აღჭურვილობის ყველაზე მსხვილი მიმღებია და მისი საჰაერო ძალების უმრავლესობაც აშშ-ის მიერ მარაგდება.

ამასთან თურქეთში, ქვეყნის სამხრეთში, ინჯირლიკის ბაზაზე, აშშ-სა და ნატო-ს ძალები არიან განთავსებულები. ამდენად, თურქეთი შეიძლება ეკონომიკურად საკმაოდ მოწყვლადი იყოს, თუმცა, აშშ-სთვის პოლიტიკურად და სტრატეგიულად კვლავ მნიშვნელოვან პარტნიორად რჩება.

ავტორი: გვანცა კაკაურიძე