2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ფინანსური მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიშის მიხედვით, პოლიტიკური პარტიებისა და დამოუკიდებელი კანდიდატების მიერ მიღებული შემოსავალი შეადგენს 25,397,818 ლარს, გაწეული ხარჯი კი 24,711,584 ლარს.
ანგარიში მოიცავს საპრეზიდენტო არჩევნების ორივე ტურის ხარჯებსა და შემოსავლებს 1-ელი აგვისტოდან 14 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჯარიმის დაკისრების შუამდგომლობით, საერთო ჯამში, თბილისის საქალაქო სასამართლოს 14 შემთხვევაზე მიმართა, საიდანაც 5-ზე სასამართლოს უკვე მიღებული აქვს გადაწყვეტილება.
ამ ეტაპზე სასამართლოში ჯარიმის დაკისრების მოთხოვნით გადაგზავნილია 9 საქმე:
1. სალომე ზურაბიშვილის მიმართ - 32,800 ლარი. მოძრაობა „მე ვიცავ თავისუფლებას“ მიერ თელავის, რუსთავის, ქუთაისის, ბათუმის და თბილისის თეატრების ფართის ქირაობის დროს გადახდილი ხარჯის 16,400 ლარის ოდენობით კანონით დადგენილი წესის დარღვევით შემოწირულების მიღების გამო.
2. სალომე ზურაბიშვილის მიმართ - 18,400 ლარით. მოძრაობა „არა ნაციზმს“ მიერ რეგიონებში ხალხის წასაყვანად ავტობუსების დაქირავების ხარჯი ჩათვლილია კანდიდატის სასარგებლო შემოწირულებად.
3. სალომე ზურაბიშვილის მიმართ - 16,320 ლარით. მოძრაობა „არა ნაციზმს“ მიერ თბილისში, რუსთაველის გამზ. N34-ში ნაქირავები ოფისის ხარჯი მიჩნეულია კანონით დადგენილი წესის დარღვევით მიღებულ შემოწირულებად და შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი კანდიდატის მიმართ.
4. „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მიმართ - 199,170 ლარით. პარტიის FACEBOOK გვერდზე საარჩევნო- სააგიტაციო პოსტების დაფინანსების ხარჯი 99,585 ლარის ოდენობით ჩათვლილია სალომე ზურაბიშვილის სასარგებლო აკრძალულ შემოწირულებად.
5. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ - 60,000 ლარი. შპს „ავტოჰაუსი - რუსთავი 2011“-ის მიერ განხორციელებული 30,000 ლარის შემოწირულება ჩათვლილია აკრძალულ შემოწირულებად. ოქმი შედგენილია კომპანიის მიმართ, ხოლო პარტიას უნდა დაეკისროს მიღებული თანხის ბიუჯეტში გადარიცხვის ვალდებულება
6. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ - 13,440 ლარი. „საქართველოს ქრისტიან-კონსერვატორული პარტიის“ მიერ თელავსა და გორში ნაქირავები 2 ოფისის უსასყიდლოდ გამოყენება. გაწეული ხარჯი ჩათვლილია აკრძალულ შემოწირულებად და ოქმი შედგენილია შემოწირულების მიმღების მიმართ.
7. „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“ მიმართ - 103,474 ლარი. „მოძრაობა თავისუფალი საქართველოს“ მიერ ნაქირავები 17 ოფისის გამოყენება მიჩნეულია პარტიის სასარგებლო აკრძალულ შემოწირულებად და ოქმი შედგენილია შემოწირულების მიმღების მიმართ.
8. ფიზიკური პირი ნათია მილდიანის მიმართ - 20,000 ლარი. „ევროპული საქართველოს“ სასარგებლოდ 10,000 ლარის აკრძალული შემოწირულების განხორციელების გამო. ოქმი შედგენილია შემოწირულების განმახორციელებლის მიმართ, ხოლო პარტიას უნდა დაეკისროს მიღებული თანხის ბიუჯეტში გადარიცხვა.
9. მოძრაობა- „სახელმწიფო ხალხისთვის“ მიმართ - 2,000 ლარი, ჯამური საარჩევნო დეკლარაციის წარმოუდგენლობისთვის.