დიდ დიღომში აფეთქების საქმეზე დაკავებულ „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ყოფილ თანამშრომლებს ბრალს სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ

დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების საქმეზე დაკავებულ ორ პირს, „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ყოფილ თანამშრომლებს, თორნიკე ტატიშვილსა და ვაზელ მამადიანს ბრალს სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ.

ტატიშვილი და მამადიანი დიდი დიღმის პოლიციის მეოთხე განყოფილებიდან დროებითი მოთავსების იზოლატორში გუშინ გადაიყვანეს.

აფეთქებამდე რამდენიმე საათით ადრე, ავთანდილის ქუჩაზე სწორედ აღნიშნული პირები მივიდნენ გამოძახების შემდეგ.

როგორც ჟურნალისტებთან თორნიკე ტატიშვილის ოჯახის წევრი აცხადებს, გამოძახებაზე მისულმა „ყაზტრასგაზ-თბილისის“ თანამშრომლებმა ყველა წესის დაცვით, სპეციალური აპარატის დახმარებით შეამოწმეს ტერიტორია. ტატიშვილის განმარტებით, აპარატმა კორპუსში გაზის გაჟონვა არ დააფიქსირა.

28 წლის თორნიკე ტატიშვილისა და 62 წლის ვაზელ მამადიანის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო სავარაუდოდ, ხვალ იმსჯელებს.

შეგახსენებთ, რომ დიდ დიღომში ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად გამოწვეული აფეთქების ფაქტზე ”ყაზტრანსგაზ - თბილისის” ორი თანამშრომელი გუშინ დააკავეს.

16 იანვარს, დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებას 4 ადამიანი ემსხვერპლა, 8 კი დაშავდა. დაშავებული მცირეწლოვანი ბავშვებიდან ერთი მკურნალობას იაშვილის კლინიკაში ამ დრომდე გადის.