ბიზნესის განვითარების გამოფენა-კონფერენცია გაიხსნება

საგამოფენო ცენტრ "ექსპო ჯორჯიას" მე-3 პავილიონში დღეს ბიზნესის განვითარების გამოფენა-კონფერენცია გაიხსნება.

გამოფენის ორგანიზატორია გამოფენების ცენტრი ”ექსპო ჯორჯია".

ორგანიზატორების ინფორმაციით, გამოფენის მონაწილეებად წარმოდგენილნი იქნებიან: ფინანსური სექტორი (ბანკები, საინვესტიციო კომპანიები, მიკროსაფინანსო ორგანიზაცები), სხვადასხვა ტიპის ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიები (მენეჯმენტის, მარკეტინგის, HR-ის, IT-ის მიმართულებით), სადაზღვევო კომპანიები, საერთაშორისო ორგანიზაციები, დონორი ორგანიზაციები და სხვა. გამოფენის სპონსორია პაშა ბანკი, ექსკლუზიური მარკეტინგული პარტნიორი მარკეტერ.გე, ხოლო მედია პარტნიორები არიან ტელეკომპანია მაესტრო, რადიო იმედი, ფლიტ მეტია, ბიზნეს თაიმ ჯორჯია, პალიტრა მედია, feme.ge, bpn.ge, ipn.ge.

გამოფენის პარალელურად ჩატარდება კონფერენცია, რომლის დელეგატები იქნებიან მსხვილი და საშუალო კომპანიების ხელმძღვანელები, მარკეტინგისა და ფინანსური განყოფილების მენეჯერები, დამწყები ბიზნესმენები, საჯარო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, უცხოელ ბიზნესმენთა დელეგაციები და სხვა.

ადგილობრივი ექსპერტების მონაწილეობით კონფერენციაზე განხილული იქნება დარგში მიმდინარე აქტუალური თემები.

კონფერენციის სპიკერებს შორის არიან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მეწარმეობის განვითარების სააგენტოს პროექტების ხელმძღვანელი მარიამ რუსიშვილი, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს პროექტის ხელმძღვანელი ირაკლი მოისწრაფიშვილი, საქართველოს თანაინვესტირების ფონდის დირექტორი გიორგი ბაჩიაშვილი და სხვები.

ფორუმის ფარგლებში ჩატარდება ბიზნეს გამოფენა "პროექსპო", რომელსაც 10-დან 13 ივლისის ჩათვლით პროკრედიტბანკი წარმოადგენს. ექსპოჯორჯიას მე-4 და მე-5 პავილიონში პროკრედიტბანკის კლიენტები, სხვადასხვა ბიზნესსექტორში მომუშავე 80-მდე ქართული კომპანია, სპეციალური ფასდაკლებით წარმოადგენს საკუთარ პროდუქციას.

გარდა ამისა, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ატარებს გამოფენას, სახელწოდებით "ქართული ინოვაციები და გამოგონებები ბიზნესისათვის", რომელიც ჩატარდება 2014 წლის 10-12 ივლისს ექსპო ჯორჯიას მე-6 პავილიონში.