Davos- 2019:  კარგავს თუ არა მსოფლიო ლიდერებში 48-წლიანი ისტორიის მქონე ფორუმი ინტერესს და რას ელოდებიან წლევანდელი შეხვედრისგან

მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმის მონაწილეებს დავოსში წელს შეიძლება იმედები გაუცრუვდეთ, ამის მთავარი მიზეზი კი მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ლიდერების ნაკლებობა იქნება. ფორუმი, რომელიც დავოსში 1971 წლიდან იმართება და იმ დროიდან მოყოლებული ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერით სარგებლობს, რაც გამოიხატებოდა მსოფლიოს ლიდერების პირადი მონაწილეობით, წელს უფრო გაუფერულებული იქნება. 2019 წლის ფორუმზე ელოდებოდნენ მსოფლიოს 90 ქვეყნის ლიდერს, თუმცა მათმა ნაწილმა დავოსში ვერ „ჩააღწია“.

მიუხედავად ამისა, როგორც ამბობენ, დავოსში პრაქტიკულად ყველა სასტუმრო გადავსებულია. (კვირას Booking.com-ზე მხოლოდ ერთი სასტუმრო იყო ხელმისაწვდომი, ისიც საერთო ოთახი 10 საწოლით ოთხვარსკვლავიან სასტუმროში და საკმაოდ ძვირ ფასად.)

დავოსი - ეს არის მოედანი, საიდანაც მსოფლიოს უძლიერესნი მსოფლიო თანამეგობრობას უგზავნიან გზავნილებს, რომელსაც ძალიან ყურადღებით აკვირდებიან ბაზრები.

ვინ ჩადის და ვინ - არა?

უკვე ცნობილია, რომ წლევანდელ ფორუმზე საკუთარ ქვეყნებში არსებული მნიშვნელოვანი გამოწვევებისა თუ პრობლემების გამო მასში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს ჯერ ემანუელ მაკრონმა, რომელიც 2018 წლის ნოემბრიდან მოყოლებული ცდილობს დააშოშმინოს ქვეყანაში „ყვითელი ჟილეტების“ აქციებით გამოწვეული მდგომარეობა. მოგვიანებით დავოისზე უარი თქვა ტერეზა მეიმ, ბრიტანეთის ლიდერმა, რომელიც იანვარში მწვავე პოლიტიკური სირთულეების წინაშე აღმოჩნდა „ბრექსიტის“ გამო, ხოლო ფორუმამდე ოთხი დღით ადრე დონალდ ტრამპმა მთლიანად ამერიკის დელეგაციის გამგზავრებაზე განაცხადა უარი, მთავარი მიზეზი კი ამ დრომდე გაგრძელებული ე.წ. „შათდაუნია“, რომელიც თავის მხრივ, მექსიკა-აშშ-ს საზღვარზე კედლის მშენებლობის დაფინანსებაზე სენატის მხრიდან უარს მოჰყვა.

სხვა ლიდერებს შორის 2009 წლიდან ისედაც არ მონაწილეობს ვლადიმერ პუტინი და მან წელსაც უარი თქვა დავოსში ჩასვლაზე. ჩინეთს კი დავოსზე, სი ძინაპინის ნაცვლად მისი მოადგილე ვან ციშანი წარმოადგენს.

რაც შეეხება მონაწილე ლიდერებს, ალპებში აუცილებლად ჩავლენ გერმანიისა და ავსტრიის კანცლერები ანგელა მერკელი და სებასტიან კურცი, ასევე იაპონიის პრემიერ-მინისტრი სინძო აბე, ბრაზილიის ლიდერი ჯაირ ბოლსონარუ, იტალიისა და ესპანეთის მთავრობის ხელმძღვანელები, ავღანეთისა და ერაყის პრეზიდენტები და სხვა ქვეყნების დელეგაციები მეთაურებითურთ.

თემა - ეკონომიკა

რაც შეეხება ფორუმის წლევანდელ თემას, ის მთლიანად ეკონომიკურ საკითხებს დაეთმობა, მაშინ, როცა გასულ წელს ის გარემოსდაცვით საკითხებზე იყო ფოკუსირებული.

როგორც ცნობილია, მსოფლიო ეკონომიკური ზრდის პიკმა უკვე გადაიარა, რაც პირველ რიგში გამოწვეულია წამყვანი გლობალური მოთამაშეებს შორის არსებული ეკონომიკური კონფრონტაციებით. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ასევე მსოფლიო ვალის ზრდა გახლავთ - ქვეყნების ვალი მშპ-სთან შედარებით 225%-ს აღწევს.

2018 წელს მსოფლიო ეკონომიკამ რამდენიმე სერიოზული რყევა განიცადა - გამწვავდა სავაჭრო ურთიერთობები აშშ-სა და ჩინეთს შორის, ზოგიერთი განვითარებადი ქვეყნის ბაზარი ჩამოიშალა. მსოფლიო ბანკმა მსოფლიოს მშპ-ს ზრდა 3%-დან 2,9%მ-დე შეამცირა, ხოლო 2020 წლისთვის 2,8%-მდე დაწია. შესაბამისად, თუ ამ პრობლემების იგნორირება მოხდება, უკვე მომდევნო წლებში მსოფლიო შესაძლოა, აღმოჩნდეს მწვავე ფინანსური კრიზისის წინაშე.

პროგნოზი - ნეგატიური

ექსპერტების ნაწილის შეფასებით, ცალკეული ქვეყნების ლიდერების გამოთიშვა წლევანდელი ფორუმიდან მის პრესტიჟულობას დაბლა დასწევს, თუმცა სავარაუდოდ, ის ტენდენციურ სახეს არ მიიღებს. ექსპერტების ნაწილის შეფასებით კი მას ამ მხრივ საფრთხე არ ემუქრება, ვინაიდან დავოსის ფორუმი ეს უპირველეს ყოვლისა, არის პროფესიონალების საუბარი მაკროეკონომიაკზე, რომლებიც მუშაობენ გზებზე, რომლებიც შემდეგ ინერგება ქვეყნების ეკონომიკაში და ტარდება ხელისუფლებების მხრიდან.

დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი 22 იანვარს გაიხსნება და 25 იანვარს დასრულდება.

კოკა კვირკველია