ბიუჯეტის დანაკლისი შესაძლოა გაღრმავდეს

ბიუჯეტის შესრულების ექვსი თვის მონაცემების მიხედვით, კვლავ აქტუალურია კითხვა - ხომ არ ემუქრება გასული წლის მსგავსად ქვეყნის მთავარ ”ყულაბას” გარღვევის საფრთხე?

სახელმწიფო ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, 2014 წლის 6 თვის მონაცემებით, სახელმწიფო ბიუჯეტში მობილიზებულმა შემოსავლებმა 3,9 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 6 თვის გეგმიური მაჩვენებლის 95%-ია. ამავე მონაცემებზე დაყრდნობით, სახელმწიფო ბიუჯეტს შემოსულობების ნაწილში დაახლოებით 170 მილიონი ლარი დააკლდა. 5 თვის მონაცემებით, დანაკლისი გამოიწვია გრანტებისა და შემოსავლების საკუთრებიდან, ფინანსური აქტივების კლების (სესხის აღების) მუხლებით დაგეგმილი პარამეტრების შეუსრულებლობამ. აღსანიშნავია, რომ გადასახადების მობილიზების კუთხით პრობლემა არ შექმნილა და ექვსი თვის მდომარეობით, მობილიზებულია საგადასახადო შემოსავლების გეგმიური მაჩვენებლის 102%. გადასახადების მობილიზების კარგი მაჩვენებელი გამოწვეული იყო წლის დასაწყისში მაღალი ეკონომიკური ზრდით და დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის მაღალი ზრდის ტემპებით.

6 თვის მაჩვენებლით, შემოსულობების მსგავსად, დანაკლისით შესრულდა გადასახდელების, ანუ ხარჯების, მუხლიც. კერძოდ, სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებებიდან დაიხარჯა 3,850 მლნ ლარი, რაც 6 თვის გეგმის 88%-ია.

ამ მონაცემების მიხედვით, საინტერესოა, რა არის არსებული საბიუჯეტო პრობლემების მიზეზი და რა ზემოქმედება შეიძლება ჰქონდეს ეკონომიკაზე ბიუჯეტის ვერშესრულებას?

ეკონომიკის ექსპერტი ირაკლი ლექვინაძე ბიუჯეტის შესრულების გეგმის ჩამორჩენას არასასურველ პროცესად მიიჩნევს და დაგეგმვის პროცესში დაშვებეულ ხარვეზებს უკავშირებს.

„დანაკლსია ბიუჯეტში შემოსავლების კუთხით პროცენტულად დიდი არ არის, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში არ არის სასურველი პროცესი და მიანიშნებს, რომ დაგეგმვის პროცესი არ იყო სწორად გაკეთებული. თუ მოსალოდნელი არ იყო ამ მოცულობის გრანტის მიღება საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, მაშინ გეგმაში ამ მოცულობის მაჩვენებლები არ უნდა ჩადებულიყო. ბუნებრივი,ა თუ არ მოხდა წლის განმავლობაში ამ დანაკლისის დაბალანსება სხვა წყაროებიდან, გარკვეული დანაკლისი ბიუჯეტს ექნება. ამან შეიძლება არ შექმნას რამე მნიშვნელოვანი პრობლემა, მაგრამ არასასურველია, როცა ბიუჯეტის კორექტირება ხდება გზადაგზა და არ ხდება გათვალისწინება ისეთი ფაქტორების, რომლებიც პრობლემებს ქმნის შემოსავლების კუთხით. ამიტომ იგივე ფინანსთა სამინისტრო აკურატულად უნდა მიუდგეს ბიუჯეტის დაგეგმის პროცესს და მსგავსი ტიპის ხარვეზები არ იყოს თუნდაც შუა წელს ან წლის ნებისმიერ მონაკვეთში“, - აცხადებს ლექვინაძე.

რაც შეეხება თანხის ათვისებას და გაწერილი ხარჯების შეუსრულებლობას, ლექვინაძე ამ შემთხვევაში კონკრეტული დარგობრივი სამინისტროების პასუხისმგებლობაზე ამახვილებს ყურადღებას.

„რაც შეეხება ხარჯვით ნაწილს აქ უკვე დარგობრივი სამინისტროების პრობლემაა. ამიტომ პირველ რიგში, მათ უნდა ვკითხოთ, რატომ ვერ მიყვება ხარჯების ფაქტობრივი შესრულება დაგეგმილს. აქ ბევრი მიზეზი მოვისმინეთ ამინდთან დაკავშირებული, მაგრამ შარშანაც იგივე პრობლემა იყო და წელსაც იგივე პრობლემაა. ამიტომ მარტო საჩვენებლად დაგეგმვა გარკვეული პროექტების არ არის გამართლებული და უნდა მოხდეს გეგმის მიხედვით ყველა პროექტის შესრულება. საბოლოო ჯამში, როდესაც ფაქტორბრივი შესრულება არ მიყვება დაგეგმილს, ეს გავლენას ახდენს ეკონომიკურ ზრდის ტემპზეც. ბუნებრივია, თუ 10 ობიექტი მაქვს გასაკეთებელი და 7 გავაკეთე, შესაბამისად 3 ობიექტის ეფექტი ეკონომიკას აკლდება. ამას მნიშვნელოვანი ყურადღება უნდა მიექცეს და საბიუჯეტო პროცესის ეფექტიანობა გაიზარდოს. რაც დაგეგმილია, ის უნდა შესრულდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს იწვევს ეკონომიკური პროცესების დეფორმაციას. შარშან ჩვენ ამის გამო მივიღეთ გაზრდილი ინფლაცია და ლარის დევალვაცია. ამიტომ ასეთი რყევები სასურველი არ არის.“ - აცხადებს ლექვინაძე.

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის, ნინო ევგენიძის განცხადებით, ბიუჯეტის შესრულების პარამეტრები დამოკიდებულია ზოგადად მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკაზე, თუნდაც უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით.

„ძირითადად ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართულებით არის პრობლემა. ჩვენ მოვისმინეთ, რომ მთავრობა მუშაობს ამ მიმართულებით, თუმცა ციფრები სამწუხაროდ სხვა რამეზე მეტყველებს. ჩვენ ყველა რეკომენდაციაში გვიწერია, რომ ხარჯები უნდა გადანაწილდეს თანაბრად დაგეგმილი მაჩვენებლების შესაბამისად, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად მაკროეკონომიკური და ფინანსური მდგრადობისთვის. გასულ წელს, მაგალითად ხდებოდა კვარტლის ბოლოს გეგმების შემცირება, როდესაც ხედავდნენ, რომ გეგმას ვერ ასრულებდნენ. ეს შემდეგ რა თქმა უნდა, ფისკალური დისბალანსის პრობლემებს წარმოშობს, რაც ზოგადად უარყოფითად აისახება ეკონომიკაზე.“ - აცხადებს ნინო ევგენიძე.

გიორგი მუშკუდიანი