ბიზნესმენების აზრით, დავების განხილვის საბჭო რეფორმას საჭიროებს

”ადამიანი კანონი თავისუფლება“ საგადასახადო დავების დინამიკით დაინტერესდა და ბოლო 8 წლის შედეგები გააანალიზა.

2013 წელს დავების განხილვის საბჭოში სულ 1875 საგადასახადო საჩივარი დარეგისტრირდა, ხოლო წამოება 877 სარჩელზე დასრულდა, რაც საგრძნობლად აღემატება წინა წლის იგივე პერიოდის მონაცემს.

2012 წლის მონაცემებით, მთლიანად, ან ნაწილობრივ დაკმაყოფილებულ საჩივართა რაოდენობა 47%-ია; 2013 წელს ეს მონაცემი 51% -მდე იზრდება.

დავების საბჭოს შექმნის შემდგომ, ანუ 2005 წლიდან მოყოლებული დავების საბჭოს მიმართ ნდობა გაიზარდა, რასაც მოწმობს სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც 7 წლის განმავლობაში დარეგისტრირებულ საჩივართა დინამიკა მზარდია. მომჩივანთა ძირითადი ნაწილი მოდის შპს-ებსა და ინდ. მეწარმეებზე. მიუხედავად იმისა, რომ საბჭომ საჩივრების 50%-ზე ნაკლები დააკმაყოფილა, სხვადასხვა კომპანიები და იურიდიული პირები უპირატესობას მაინც დავების საბჭოს საფეხურის გავლას ანიჭებდნენ მანამ, სანამ სასამართლომდე მივიდოდნენ.

უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში, საჩივრების მზარდ დინამიკასთან ერთად, გაიზარდა დაკმაყოფილებული საჩივრების რაოდენობა და 51% შეადგინა. ეს საკმაოდ დიდი მაჩვენებელია იმის ფონზე, რომ 2012-2013 წლების ჯამური რაოდენობა სადავო თანხებში დაახლოებით 506 მილიონ ლარს აღწევს. უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ დავების საბჭოში სადაო თანხის მოცულობამ უმაღლეს ნიშნულს, 690 მლნ ლარს, 2010 წელს მიაღწია, თუმცა ნაწილობრივ, ან სრულად დაკმაყოფილებულთა რაოდენობა მხოლოდ 33% იყო.

ორგანიზაცია ეხმიანება PWC (PricewaterhouseCoopers Georgia) ჩატარებულ კვლევას, რომელმაც 100-მდე ბიზნესმენი გამოკითხა და დადგინდა, რომ აღნიშნული დავების განხილვის საბჭო რეფორმას საჭიროებს.

„ადამიანი კანონი თავისუფლება“ ეთანხმება PWC-ს, რომ აღნიშნული კვლევა უნდა გახდეს საფუძველი რეფორმისა, რომელიც დაარეგულირებს საბჭოს წევრების საქმიანობას მეტი გამჭვირვალობისა და დამოუკიდებლობისთვის. საბჭოს წევრები არ უნდა მუშაობდნენ სხვა თანამდებობებზე ფინანსთა სამინისტროში, ან ნებისმიერ სხვა უწყებაში. ეს ადამიანები უნდა იყვნენ დაცულები იმისგან, რომ მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გამო სამსახურს არ დაკარგავენ. აუცილებელია საბჭოში ისინი ფიქსირებული ვადით ინიშნებოდნენ. ბიზნესმენები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული საჩივრები მხოლოდ დავების საბჭოში უნდა წყდებოდეს და სასამართლოს კომპეტენცია არ უნდა იყოს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინიციატივით, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს მიეცათ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ დავების განხილვის საბჭოს მუშაობაში. ამასთანავე, არასამთავრობო ორგანიზაციების ფართო სპექტრის ჩართულობის უზრუნველსაყოფად, ყოველ ექვს თვეში ერთხელ ხორციელდება წევრების როტაცია. საბჭოს მუშაობაში მონაწილეობას იღებს საგადასახადო ომბუდსმენის წარმომადგენელიც.

ორგანიზაცია „ადამიანი კანონი თავისუფლება“ სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით გამოთქვამს ვარაუდს, რომ ბიზნესის თავისუფლების კუთხით ქვეყანაში ვითარება საგრძნობლად შეიცვალა და გარემო მეტად ლიბერალური გახდა.