„გაშპაკლული“ ავტომობილები ტექინსპექტირების გავლას შეძლებენ - რა ცვლილებები იგეგმება  და რაზე აღარ დაგიხარვეზებენ მანქანას ინსპექტირებისას

ავტომობილების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების წესში ცვლილებების შეტანა იგეგმება.

ამის შესახებ ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის ხელმძღვანელმა ვაჟა იორდანიშვილმა რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

მისივე თქმით, ეკონომიკის სამინისტროში შექმნილი ტექნიკური ჯგუფის მიერ შემუშავებული ცვლილებების გატანა უახლოეს მთავრობის სხდომაზე იგეგმება და იმედოვნებს, რომ ეს თვის ბოლომდე მოხდება.

რაც შეეხება ცვლილებებს, იორდანიშვილის განმარტებით, ინსპექტირების შესახებ ტექნიკურ რეგლამენტში ცვლილების შეტანის შემდეგ ე.წ. გაშპაკლული ავტომობილები ინსპექტირებისას აღარ დახარვეზდება.

„ეკონომიკის სამინისტროში შეიქმნა ტექნიკური ჯგუფი, მათ შორის, ჩვენც ვიყავით. შედეგად კი მივიღეთ, რომ ინსპექტირების შესახებ ტექნიკურ რეგლამენტში ცვლილებებია დაგეგმილი. ტექნიკური დეტალები შეთანხმებულია და ველოდებით, რომ უახლოეს მთავრობის სხდომაზე გავა ეს საკითხები.

აღსანიშნავია, რომ მოქმედი რეგლამენტით ერთ-ერთი მტკივნეული საკითხი საქარე მინის ბზარების გამო დახარვეზება იყო. ცვლილების შედეგად კი, თუ საქარე მინაზე არის მცირე დაზიანება, არაუმეტეს 5 მილიმეტრისა, ცენტრის მიერ ავტომობილის დახარვეზება არ მოხდება. მეტიც, შესაძლოა, ასეთი წერტილოვანი სამი დაზიანებაც კი იყოს დასაშვები, თუმცა, ეს მაშინ გაირკვევა, როდესაც ცლილება საბოლოო სახით დამტკიცდება. ამასთან, აღარ მოხდება ფერის გამო დახარვეზება. საუბარია, ისეთ შემთხვევებზე, როდესაც ავტომობილს აქვს სტიკერები, სარეკლამო ბანერები და ფაქტობრივად, შეუძლებელია ფერის გარჩევა. იგივე ე.წ. შპაკლზეც აღარ დახარვეზდება ავტომობილი. გარდა ამისა, არის კიდევ უკანა მინების დამუქების შეზღუდვაც, რაც ასევე ხარვეზდებოდა მოქმედი რეგლამენტით. ცვლილებების თანახმად კი, ინსპექტირების ცენტრი ავტომობილს ამის გამო აღარ დაახარვეზებს და უბრალოდ საპატრულო ეკიპაჟი გადაამოწმებს ვის ეკუთვნის და ვის არა დამუქებული მინებით სიარული,“-აღნიშნა იორდანიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 1-ლი იანვრიდან პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება ნებისმიერი ავტომობილისთვის სავალდებულო გახდა.

თაია არდოტელი