ორგანიზაცია PMCG-ის კვლევის მიხედვით, 2018 წლის დეკემბერში, საქართველოში 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა 1 133 ლარი შეადგინა, ხოლო 4-ვარსკვლავიანის - 240 ლარი. ამასთან, ორგანიზაციის ინფორმაციით, სასტუმროს ყველაზე მაღალი ფასი რეგიონებს შორის სამცხე-ჯავახეთში დაფიქსირდა, სადაც 3 ვარსკვლავიანი სასტუმროს ღირებულება საშუალოდ - 208 ლარი, ხოლო 4-ვარსკვლავიანის 278 ლარია.
რაც შეეხება საქართველოში სასტუმროების ფასების ინდექსს, 2018 წლის დეკემბერში, 2018 წლის ნოემბრის თვესთან შედარებით, 11.9%-ით გაიზარდა. ორგანიზაციის ინფორმაციით, სასტუმროების სტანდარტული ორადგილიანი ნომრების ფასები ყველაზე მეტად მცხეთა-მთიანეთში (24%) და სამცხე-ჯავახეთში გაიზარდა (27.3%).
„საქართველოს ათ რეგიონს და თბილისს შორის, 2018 წლის დეკემბერში, ნოემბერთან შედარებით, სასტუმროს ფასები არცერთ რეგიონში არ შემცირებულა. საქართველოში 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 2018 წლის დეკემბერში, 2018 წლის ნოემბერთან შედარებით, 8.6%-ით გაიზარდა. ამ ტიპის სასტუმროებში ფასები ყველაზე მეტად მცხეთა-მთიანეთში და სამცხე-ჯავახეთში გაიზარდა. აღნიშნულ პერიოდში, 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასები მხოლოდ აჭარაში შემცირდა“,- ნათქვამია ორგანიზაციის კვლევაში.
ორგანიზაციის ინფორმაციით, საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 2018 წლის დეკემბერში, 2018 წლის ნოემბერთან შედარებით, 18.7%-ით გაიზარდა. ამასთან, რეგიონების მიხედვით, ფასები ყველაზე მეტად სამცხე-ჯავახეთში და თბილისში გაიზარდა.
„საოჯახო ტიპის სასტუმროებში, დეკემბერში, ნოემბერთან შედარებით, ფასები მხოლოდ ქვემო ქართლში შემცირდა. 2018 წლის დეკემბერში, 2018 წლის ნოემბერთან შედარებით, საქართველოში საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასების ზრდის ტემპმა გადააჭარბა 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ზრდის ტემპს“,- ნათქვამია ორგანიზაციის კვლევაში.