„რეზონანსი" - მსხვილფეხა შინაური საქონლის ქვეყნიდან გაყვანა ნაწილობრივ აიკრძალა

საქართველოდან რქოსანი პირუტყვის გაყვანა ნაწილობრივ შეიზღუდა.

იანვრიდან ძალაში შევიდა დადგენილება, რომლის მიხედვითაც, შინაური პირუტყვი, თუკი მისი წონა 140 კგ-ს არ აღემატება, ექსპორტზე ვერ გავა. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, ამ გადაწყვეტილების მიზეზი ისაა, რომ გაყვანილი საქონლის გამო ქვეყანაში ხორცის დეფიციტია და ამიტომ პროდუქტიც გაძვირდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ქვეყანაში მსხვილფეხა პირუტყვის სულადობა მცირდება, რაც შემდგომში პოპულაციასაც შეუქმნიდა პრობლემას.

მთავრობის 2018 წლის 13 დეკემბრის დადგენილებით, 2019 წლის პირველი იანვრიდან არანაკლებ 140 კილოგრამი ცოცხალი მასის მქონე მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის (მოზარდის) ექსპორტი აიკრძალა. ამ საკითხზე მუშაობა ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ დაიწყო. ბოლო წლებში, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ქვეყანაში მსხვილფეხა პირუტყვის სულადობა მცირდება, მათ შორის - ფურების რაოდენობაც. იკლებს რძის წარმოებაც. სამაგიეროდ, ბოლო წლებში საგრძნობლად იმატა ცოცხალი მსხვილფეხა პირუტყვის ექსპორტმა, შეინიშნება მოზარდი ცხოველების (სამ თვემდე ასაკის ხბოების) მასობრივი გაყვანა და, რაც ყველაზე საგანგაშოა, ექსპორტზე გადის საჯიშე ფურებიც.

როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი აცხადებს, აკრძალვის მიზანი ისაა, რომ ქვეყანაში მსხვილფეხა საქონლის ზრდის შედეგად მეტი დამატებული ღირებულება შეიქმნას. მინისტრის მოადგილე ადასტურებს, რომ ბოლო წლებში პირუტყვის ექსპორტზე გაყვანა გააქტიურდა, თუმცა ქვეყნიდან ძირითადად 70-80 კილოგრამი წონის საქონელი გადიოდა.

„მთლიანი დამატებული ღირებულება, რაც უნდა მოიტანოს საქონლის გაზრდამ, მიდიოდა სხვა ქვეყნებში, ამიტომ იმისათვის, რომ ფერმერებმა და საქართველოს ეკონომიკამ ისარგებლოს, დადგინდა ის ზღვრული წონა, რომელიც საშუალებას იძლევა, აქ გაიზარდოს საქონელი. ეს ის ოპტიმალური ზღვარია, რომელიც იცავს როგორც მწარმოებლის, ისე ექსპორტიორის ინტერესს, მაგრამ გათვალისწინებულია ქვეყნის ეკონომიკის ინტერესებიც, რათა მეტი დამატებული ღირებულება დარჩეს ჩვენს ეკონომიკაში", - განუცხადა „ბიემს" ხანიშვილმა.

პირუტყვის ექსპორტის ზრდა უდავოდ დადებითი მოვლენაა, მაგრამ ის წამგებიანი არ უნდა იყოს ქვეყნისათვის. „არსებული ვითარება ჩვენთვის წამგებიანი იყო, იმპორტიორი ქვეყნებისთვის კი - მომგებიანი", - დასძინა ხანიშვილმა.

ექსპორტის ზრდის პარალელურად ქვეყანაში იზრდებოდა საქონლის ხორცზე ფასიც. სწორედ ამან განაპირობა ხორცპროდუქტების გაძვირება.

ორგანიზაცია „ჩვენი ფერმერის" ხელმძღვანელი მიხეილ ჭიჭაყუა „რეზონანსთან" საუბრისას სამინისტროს გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს. მართალია, ეს ბაზარზე არსებულ დეფიციტს სრულად ვერ აღმოფხვრის, თუმცა წინ გადადგმული ნაბიჯია.

„რეგულაციის ამოქმედება კარგია, რადგან ჩვენი ფერმერები გარკვეულ კონდიციამდე მიიყვანენ პირუტყვს, მაგალითად, 250-350 კილოგრამამდე და ეს მათთვისაც მომგებიანი იქნება. რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით, პროცესი, რომ მოზარდი პირუტყვი სწრაფად გადიოდა და რეზერვი ამით ცარიელდებოდა, ახლა შენელდება. სულადობაც მოიმატებს ქვეყანაში და გატანისასაც მეტად მომგებიანია.

გარდა ამისა, საქმეში ჩაერთვება საშუალო რგოლი ისევ ფერმერების სახით და აღარ იქნება ეს სეგმენტი ამოვარდნილი, როგორც აქამდე იყო.

სასურსათო დეფიციტია ბაზარზე საქონლის ხორცის მიმართულებით. ამ ნაბიჯით იგი სრულად ვერ აღმოიფხვრება, თუმცა ცხადია, პროცესის გამოსწორების დასაწყისი ნამდვილად იქნება", - აცხადებს ჭიჭაყუა „რეზონანსთან".

შეგახსენებთ, რომ საქართველოდან ცოცხალი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ექსპორტი, ძირითადად, აზერბაიჯანსა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში ხორციელდება. ბოლო წლებში მან ინტენსიური ხასიათი მიიღო.

თამარ მუკბანიანი

გაზეთი „რეზონანსი"