„ვისთანაც გასდიოდა შანტაჟის ენით საუბარი იმას ესაუბროს“ - კახა კალაძე ვაკის პარკში მშენებარე სასტუმროს ინვესტორს

„ვისთანაც გასდიოპდა შანტაჟის ენით საუბარი იმას ესაუბროს“ - ასე მიმართა თბილისის მერმა კახა კალაძემ ვაკის პარკში მშენებარე სასტუმროს ინვესტორს.

ქალაქის და თბილისელების ინტერესები არის პირველი და არასდროს ინვესტორს ისე არ მოვექცევით, რომ კანონის ფარგლებს გარეთ გავიდეთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია თითოეული ცენტის ინვესტიცია, რადგან გვესმის რამდენად მნიშვნელოვანია ეს ეკონომიკური განვითარებისთვის, ადამიანთა დასაქმებისთვის და ა.შ. მაგრამ შანტაჟის ენით საუბარი კატეგორიულად მიუღებელია და ამ პატივცემულმა, ინვესტორზე მაქვს საუბარი, ვისთანაც გასდიოდა შანტაჟის ენით საუბარი, ისევ იმას ესაუბროს. ჩვენ ვართ კატეგორიულები და კატეგორიულად მიუღებელია ამ შენობა-ნაგებობის განთავსება ქალაქისთვის უმნიშვნელოვანეს მწვანე სივრცეში - ვაკის პარკში. ყველა ბერკეტს გამოვიყენებთ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ პარკში მშენებლობა არ დავუშვათ,“-განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ უზენაესმა სასამართლომ ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობასთან დაკავშირებით მწვანე ალტერნატივას საკასაციო საჩივარი დაუშვებლად ცნო. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 28 მაისის გადაწყვეტილება. მაშინ სასამართლომ "მწვანე ალტერნატივას" სააპელაციო საჩივარი, რომელიც სასტუმრო „ბუდაპეშტის" აშენების წინააღმდეგ იყო მიმართული, არ დააკმაყოფილა, სამაგიეროდ, დააკმაყოფილა შპს "ტიფლის კოსტავას" და "გრაალის", ანუ იმ კომპანიების აპელაცია, რომლებმაც რეკრეაციულ ზონაში შვიდსართულიანი სასტუმრო უნდა ააშენონ.

თაია არდოტელი