მიკროავტობუსებისთვის თბილისში ნებისმიერ ადგილას გაჩერება დამატებით კიდევ რამდენიმე ქუჩაზე აიკრძალება.
ამის შესახებ, თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მანვე საკუთარ მოადგილეებს ამ ქუჩების ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფა და განსაზღვრა დაავალა.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის 1-ლი მარტიდან თბილისის 14 ქუჩაზე, მიკროავტობუსებისთვის სავალდებულო გახდა, მხოლოდ მოსაცდელებში გაჩერება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მძღოლები ჯარიმდებიან. ეს ქუჩებია: მერაბ კოსტავას ქუჩა, ვაჟა-ფშაველას გამზირი, შოთა რუსთაველის გამზირი, პეტრე მელიქიშვილის ქუჩა, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი, ვახტანგ გორგასლის ქუჩა, დავით აღმაშენებლის ხეივანი, დავით აღმაშენებლის გამზირი, ილია ჭავჭავაძის გამზირი, ჟიული შარტავას ქუჩა, პეკინის ქუჩა, მარშალ გელოვანის გამზირი, ჯორჯ ბუშის ქუჩა და კახეთის გზატკეცილი.