ეტიკეტირების წესის დარღვევის გამო, 3 წელში 1400-მდე ბიზნესოპერატორია დაჯარიმებული

2015-2018 წლებში 1400-მდე ბიზნესოპერატორია ეტიკეტირების წესის დარღვევის გამო დაჯარიმებული, - ამის შესახებ სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი მიქაძემ ბიზნესოპერატორებთან შეხვედრაზე განაცხადა, სადაც მათ სურსათის ეტიკეტირების ახალი რეგლამენტი გააცნო.

„ჩვენ ბიზნესოპერატორებს აქამდეც ინტენსიურად ვაცნობდით ამ რეგლამენტს. გარდამავალი პერიოდი დაახლოებით 3 წელი გრძელდებოდა, თუმცა ერთი თვით ადრე კიდევ ვმართავთ შეხვედრებს. ეს რეგლამენტი 2016 წელს არის მიღებული, ხოლო ძალაში შევა 2019 წლის პირველ მარტს. აქამდე მოქმედებდა მთავრობის დადგენილება, რომელიც სურსათის ეტიკეტირების და დამატებით მოთხოვნებს ითვალისწინებდა. ამ ტექნიკურ რეგლამენტში უფრო გაფართოვდა მოთხოვნები. მათ შორის, შევიდა ცვლილებები ასოების ზომასთან დაკავშირებით. განისაზღვრა ის, რომ ტექნიკური რეგლამენტი ეხება არამხოლოდ იმ ინფორმაციას, რომელიც მომხმარებელს მიეწოდება ეტიკეტის სახით, არამედ სხვადასხვა ტექნიკური საშუალებებით და ასევე, ვერბალური კომუნიკაციის გამოყენებით“,- განაცხადა მიქაძემ.

მისივე თქმით, ეტიკეტირების წესის დარღვევის გამო ჯარიმები მცირე ბიზნესოპერატორისთვის 200 ლარია, ხოლო დიდი ბიზნესოპერატორისთვის 400 ლარი.

„სანქციები ისედაც გაწერილი იყო და ეს არის 74-ე პრიმა მუხლით განსაზღვრული. მცირე ბიზნესოპერატორისთვის ეს არის 200 ლარიანი ჯარიმა, დიდი ბიზნესოპერატორებისთვის 400 ლარით განისაზღვრება. ამ ტექნიკური რეგლამენტით შეუსაბამო საქონელი ექვემდებარება ბაზარზე განთავსების აღკვეთას ან უკვე განთავსებულის ამოღებას. რაც შეეხება უკვე დაჯარიმებულებს, 2015-2018 წლებში 1400-მდე ბიზნესოპერატორია ეტიკეტირების წესის დარღვევის გამო დაჯარიმებული“,- განაცხადა მიქაძემ.