„ბილაინს“ გადაწყვეტილი აქვს ქართული ბაზრიდან გასვლა, ისიც ყიდის ბიზნესს”

“ბილაინმა“ შეძლო 4G-ს განვითარება, მაგრამ მიუხედავად ამისა, გარკვეულად მაინც საექსპერიმენტო ბაზად ჰქონდა ქართული ბაზარი და პრინციპში „ბილაინსაც“ გადაწყვეტილი აქვს ამ ბაზრიდან გასვლა, ისიც ყიდის ბიზნესს“.

ამის შესახებ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ხელმძღვანელმა კახა ბექაურმა განაცხადა.

მისივე ცნობით, სწორედ აქედან გამომდინარე "ბილაინის" მხრიდანაც არ ხდება კონკურენციაში შესვლა. როგორც ბექაური აცხადებს, ბოლო 2-3 წლის განმავლობაში სატელეკომუნიკაციო ბაზარზე კონკურენცია შესუსტდა, რამაც რისკი გააჩინა, რომ მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორებმა თავისი ძალაუფლების ბოროტად გამოყენება სცადონ, რასაც კომუნიკაციების კომისია არ დაუშვებს.

„ბოლო 2-3 წლის განმავლობაში ამ სფეროში დასუსტდა კონკურენცია, იცით რომ “თელია სონერა” გავიდა ბაზრიდან, ამის მერე “სილქნეტმა” შეისყიდა “ჯეოსელი”, მანამდე კი 2 წლის განმავლობაში, როცა “თელია სონერა” გასვლას აპირებდა, არ აკეთებდა ინვესტიციას და არ ზრუნავდა ქსელის გაძლიერებაზე, რამაც თავისი დაღი დაატყო კომპანიას და დასუსტდა “ჯეოსელი”. ასევე დღეს შემიძლია ღიად ვთქვა, რომ “ბილაინს” არ ჰქონდა 4G უზრუნველყოფის შესაძლებლობა და ვერ უწევდა ამ ორ კომპანიას კონკურენციას, მაგრამ კომისიამ მისცა მათ 800-იანი სიხშირე და მათ შეძლეს 4G განვითარება, მიუხედავად ამისა, მათ გარკვეულად მაინც საექსპერიმენტო ბაზად ქონდათ ქართული ბაზარი და პრინციპში „ბილაინსაც“ გადაწყვეტილი აქვს ამ ბაზრიდან გასვლა, ისიც ყიდის ბიზნესს, შესაბამისად, მისი მხრიდანაც არ ხდება კონკურენციაში შესვლა. ამ ფაქტებმა დაასუსტა ბაზარზე კონკურენცია. ამიტომ ჩნდება რისკები, რომ მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორებმა საცალო ბაზარზე მომხმარებლის მიმართ ბოროტად გამოიყენოს ძალაუფლება. ამიტომაც აუცილებელია რეგულატორი იდგეს შესაბამის სიმაღლეზე და დაიცვას მომხმარებლის ინტერესები, რასაც ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ“,- აცხადებს ბექაური.

თაია არდოტელი