„როცა წურბელ-უწყებები წყვეტენ, ვინ, რა და როგორ აკეთოს, "ჯინის" ჯანი გაძვრება“

„როცა წურბელ-უწყებები წყვეტენ ვინ რა და როგორ აკეთოს, "ჯინის" ჯანი გაძვრება“ - ასე ეხმაურება "ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს" დამფუძნებელი პაატა შეშელიძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე „ბილაინის“ ბაზრიდან გასვლასთან დაკავშირებით, კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარის განცხადებას.

„ბიზნესპრესნიუსი“ შეშელიძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„საკვანძო ფრაზა: "ბილაინს” არ ჰქონდა 4G უზრუნველყოფის შესაძლებლობა და ვერ უწევდა ამ ორ კომპანიას კონკურენციას, მაგრამ კომისიამ მისცა მათ 800-იანი სიხშირე და მათ შეძლეს 4G განვითარება". ანუ, მთავრობის მიერ დანიშნულ და დამოუკიდებლად გამოცხადებულ მაღალანაზღრაურებად ბიუროკრატიას აქვს მინიჭებული უფლება დაადგინოს ვინ რა სიხშირით გაავრცელოს ტალღები და თან, ამაში ფული გადაახდევინოს - ლოცენზია დაახლოებით 50 მილიონი ღირდა! როცა წურბელ-უწყებები წყვეტენ ვინ რა და როგორ აკეთოს, "ჯინის" ჯანი გაძვრება. p.s. მეტიც, ზურაბ კუკულაძე: 2015 წლის მარტამდე მობილური კავშირგაბმულობის კომპანიები არათანაბარ პირობებში იყვნენ. სხვათა შორის, ჯერ კიდევ 2010 წელს იყო შესაძლებელი, რომ საქართველოში 4G ინტერნეტი დანერგილიყო. თუმცა მეოთხე თაობის ინტერნეტის მიწოდებაზე ლიცენზიას "მაგთი" ექსკლუზიურად ფლობდა, კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიასთან ერთად შეთანხმებულად მოქმედებდა (რაც უკანონო იყო) და სხვა მობილურ ოპერატორებს არ აძლევდა შესაძლებლობას, რომ 4G დაენერგათ. ეს ლიცენზია "მაგთიმ" ჯერ კიდევ 90-იან წლებში აიღო, როდესაც სახელმწიფოსთან კაბალური შეთანხმება გააფორმა. ეს არც არის გასაკვირი, რადგან კარგად ვიცით, ვინ არის "მაგთის" დამფუძნებელი და რა ურთიერთობა ჰქონდა მას შევარდნაძის ხელისუფლებასთან. ასევე, მას "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობისასაც ჰყავდა ძლიერი ლობი. ასე რომ არ ყოფილიყო, სახელმწიფო მომხმარებლის ინტერესების უგულვებელყოფას არ დაუშვებდა. მოკლედ, "მაგთიმ" 5 წელი დაგვაკარგვინა,“-წერს შეშელიძე.

ცნობისთვის, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის კახა ბექაურის განცხადებით, „ბილაინს“ გადაწყვეტილი აქვს საქართველოს ბაზრიდან გასვლა, ისიც ყიდის ბიზნესს”.