გიორგი კვირიკაშვილი "ბიზნესის განვითარების ფორუმს" დაესწრო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი "ბიზნესის განვითარების ფორუმს" დაესწრო, რომლის ერთ-ერთი ძირითადი თემა ბიზნეს-სექტორისთვის სამთავრობო პროგრამის "აწარმოე საქართველოში" მნიშვნელობისა და მიმართულებების გაცნობა იყო.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ფორუმში მონაწილეობა მიიღეს ბანკების, საინვესტიციო კომპანიების, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, საქართველოში მოქმედი ფონდებისა და სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა. ფორუმის ფარგლებში "ექსპო ჯორჯიას" რამდენიმე პავილიონში გამოფენაც გაიხსნა, სადაც ოთხმოცზე მეტი ქართული კომპანიის პროდუქცია და ასევე ბიზნესის განვითარებისთვის შექმნილი ქართული ინოვაციები და გამოგონებები იყო წარმოდგენილი.

"ამ ფორუმის ფარგლებში იმართება დისკუსია ბიზნესის წარმომადგენლებთან. ჩვენ მათ ვაცნობთ ინფორმაციას, თუ რა შესაძლებლობებს იძლევა პროგრამა "აწარმოე საქართველოში." გამოხმაურება არის ძალიან დადებითი და გვინდა, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე მაქსიმალურად ავითვისოთ ის შესაძლებლობები, რასაც პროგრამა იძლევა. ჩვენ გვსურს, როგორც საქართველოში მყოფ, ასევე ჩამოსულ ინვესტორებს ნათლად დავანახოთ, რომ მთავრობა მათ აძლევთ უნიკალურ შესაძლებლობას ოთხი მიმართულებით (უძრავი ქონების სიმბოლურ ფასად გადაცემა, საბანკო უზრუნველყოფის თანაგარანტირება, სესხის საპროცენტო განაკვეთის სუბსიდირება, კონსულტაციები ახალი ტექნოლოგიების დანერგვის კუთხით) მიიღონ მხარდაჭერა და მაქსიმალურად განავითარონ ახალი საწარმოო მიმართულებები საქართველოში", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

"ექსპო ჯორჯიაში" მიმდინარე გამოფენა 13 ივლისს დასრულდება. ამ დღეების განმავლობაში დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება, საქართველოში წარმოებულ პროდუქციასთან ერთად გაეცნოს 150-ზე მეტ ინოვაციური პროექტსა და გამოგონებას სხვადასხვა ინდუსტრიისთვის.