2018 წელს საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევებში დაღუპულთა რაოდენობა წინა წელთან შედარებით 11%-ით შემცირდა, თუმცა დედაქალაქში 4%-ით გაიზარდა, - ამის შესახებ "საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” გამგეობის თავმჯდომარემ ეკა ლალიაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც საგზაო უსაფრთხოებასა და ავტომობილების ტექდათვალიერებაზე ისაუბრა.
ლალიაშვილის თქმით, შსს-ს მიერ წარმოებული ავტოსაგზაო შემთხვევათა სტატისტიკა სიგნალს იძლევა, რომ დედაქალაქში უსაფრთხოების პირობებია გასაუმჯობესებელი.
„2018 წლის ავტოსაგზაო შემთხვევათა სტატისტიკის მიხედვით, რომელიც შსს-ს მიერაა წარმოებული, ავტოსაგზაო შემთხვევათა რაოდენობა 6%-ით გაიზარდა წინა წელთან შედარებით, ასევე, დაშავებულთა რიცხვი გაიზარდა. თუმცა, კარგია ის, რომ 11%-ით შემცირდა დაღუპულთა რიცხვი. სამწუხაროდ, ამ პოზიტიურ ფონზე დედაქალაქში გაზრდილია დაშავებულთა რიცხვი და ასევე იმატა დაღუპულთა რიცხვმა 4%-ით. სტატისტიკა სიგნალს გვაძლევს, მივყვეთ უსაფრთხოების პირობების გაუმჯობესებას თბილისის გზებზე. ამისთვის უნდა გამოვიკვლიოთ თითოეული შემთხვევა. ვიცით, რომ დედაქალაქში მაღალი სიჩქარის ლიმიტები გვაქვს, დაშვებულ 60 კმ/სთ სიჩქარეს კანონმდებლობის მიხედვით 15 კმ/სთ ემატება, ჯამი, 75 კმ/სთ სიჩქარე კი, საკმაოდ მაღალია“, - განაცხადა ეკა ლალიაშვილმა.
მან ასევე ისაუბრა ტექდათვალიერებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ლალიაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია ინფორმაციის მიწოდება მძღოლებისთვის, რომ ტრანსპორტის პასპორტში ნახონ ვადა, რომელიც ტექდათვალერებასთან არის დაკავშირებული.
„ფორსმაჟურული ვითარება რომ არ შეიქმნას, ვისაც ვადა უწევთ, პირველ რიგში მათ უნდა გაიარონ ინსპექტირება, რათა არ დაჯარიმდნენ“, - განაცხადა ეკა ლალიაშვილმა.
კიდევ ერთი საკითხი, რაზეც ეკა ლალიაშვილმა ისაუბრა, უკავშირდება დედაქალაქის მერის განცხადებას. კერძოდ, ლალიაშვილი კახა კალაძის განცხადებას შეეხო იმასთან დაკავშირებით, რომ ტაქსით სარგებლობის ფასი უნდა გაიზარდოს.
„პირველ რიგში, ქალაქის ხელმძღვანელობამ რეფორმა უნდა გაატაროს უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. გვაქვს სტატისტიკა, რომლის ნაწილიც შეიძლება იყოს ტაქსების დღევანდელი ვითარება. ხელისფულება უსაფრთხოებასა და კომფორტულ გადაადგილებაზე უნდა ზრუნავდეს. მგონია, ფასების ზრდასთან დაკავშირებით განცხადებები უფრო სხვა კატეგორიის საჯარო მოხელეებმა უნდა გააკეთონ. მერისგან გვაქვს მოლოდინი, რომ ტაქსების რეფორმა ბოლომდე მივა და არა მხოლოდ ავტომობილების ფერი შეიცვლება და ბრენდირება მოხდება, არამედ, უმთავრესი შეიცვლება - მაგალითად, მძღოლების სტანდარტების ამაღლება და ა.შ“, - განაცხადა ლალიაშვილმა.