ანაკლიაში, 20-30 აგვისტოს, "კაზანტიპის" ღონისძიება გაიმართება.
ღონისძიებაში, რომელიც 10 დღის განმავლობაში გაგრძელდება, 13 ქართველი და 200-მდე უცხოელი მუსიკოსი მიიღებს მონაწილეობას.
ანაკლიაში "კაზანტიპის" ღონისძიებისთვის სამზადისი უკვე დაწყებულია. ზღვისპირეთში ინფრასტრუქტურული სამუშაოები უკვე მიმდინარეობს, მათ შორის, მიმდინარეობს სცენის მონტაჟი და კარვების ქალაქის მშენებლობა.
"კაზანტიპის" პრეზიდენტის, ნიკიტა მარშუნოკის განცხადებით, ანაკლია რამდენიმე კვირაში იქნება ადგილი, სადაც უამრავი ტურისტი ჩავა.
"კაზანტიპი" იქნება ანაკლიაში, 20-30 აგვისტოს ჩათვლით. ეს 10 დღე დაუვიწყარი დღესასწაული იქნება. ისეთი, რომელიც ჯერ კიდევ არავის უნახავს. მე გარანტიას გაძლევთ, რომ გრაფიკა, განათება და ყველაფერი, აქ იქნება მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი, ძალიან მაღალი დონის. აქ გაშლილი იქნება კარვების ქალაქი, ველოდებით ძალიან ბევრ ადამიანს. მოხარული ვარ, რომ ამ ღონისძიებისადმი ინტერესი ძალიან დიდია. უკვე აღარავის ეპარება ეჭვი, რომ "კაზანტიპი" სწორედ ანაკლიაში უნდა ჩატარდეს. აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები, მე გარანტიას გაძლევთ, რომ ყველაფერს მოვასწრებთ, - აღნიშნა "კაზანტიპის" პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, კერძო სექტორთან ტურისტების მიღებასთან დაკავშირებით აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს, კარვების ქალაქი კი რამდენიმე ათას ადამიანს მიიღებს. გარდა ამისა, უკვე ცნობილია, რომ ანაკლიის სანაპიროს გემებიც მიადგებიან, რომელსაც ექნებათ ტურისტული დანიშნულება და მსურველებს გემებზე გაჩერება შეეძლებათ.
"კაზანტიპის" პრეზიდენტმა კომენტარი გააკეთა გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც, ამ ღონისძიებაზე თითქოს ნარკოტიკების გამოყენება მოხდება. მისი თქმით, ეს იქნება ღონისძიება, სადაც კანონის ყველა ნორმა იქნება დაცული და ღონისძიება ყველანაირი ნარკოტიკებისგან იქნება თავისუფალი.
"საქართველო არის ქვეყანა, სადაც კანონები სრულდება. ჩემთვის ყოველგვარი ნარკოტიკი მიუღებელია, - აღნიშნა ნიკიტა მარშუნოკმა.
"კაზანტიპის" ოფიციალურ ვებგვერდზე რეგისტრაცია ამ დროისთვის 20 ათასამდე ადამიანმა უკვე გაიარა. "კაზანტიპის" ვიზების მიღება ქართველი და უკრაინელი გოგონებისთვის იქნება უფასო, ისინი, უბრალოდ, უნდა შევიდნენ საიტზე და რეგისტრაცია გაიარონ. გარდა ამისა, საიტზე მიმდინარეობს გათამაშება. რამდენიმე ათასი ვიზა გათამაშდება.