კარგად მესმის სასტუმრო “ბუდაპეშტზე” საზოგადოებრივი ინტერესი, თუმცა სასწორის მეორე მხარეს სასამართლოს მიმართ ინვესტორების ნდობა დევს, - ამის შესახებ ბიზნესომბუდსმენმა, ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, „ბუდაპეშტის“ მშენებლობაზე სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ხელოვნურად გაჭიანურება სხვა ინვესტორებისთვისაც ცუდი სიგნალია.
„იცით, რომ წლების განმავლობაში მეც ვიყავი ქალაქის მთავრობის წევრი და საკითხს, რომელიც მემკვიდრეობად გვერგო, კარგად ვიცნობ. მესმის გადაწყვეტილების სირთულე და ვაკის პარკის მნიშვნელობა ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, თუმცა საკითხი სამართლებრივ ჩიხშია შესული, ინვესტორს აქვს სასამართლოს გადაწყვეტილება და სასწორის მეორე მხარეს ახლა უკვე მთავრობისა და სასამართლოს მიმართ ინვესტორის ნდობა დევს. ვაკის პარკში სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მშენებლობისთვის ინვესტორის აქვს მიღებული ქალაქის მთავრობისგან სპეცნებართვა, რომელიც 2018 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებით სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა და რომლის საფუძველზეც ინვესტორი მერიისგან ითხოვს მშენებლობის ნებართვის მიღებას. იმედი მაქვს, გამოინახება კომპრომისული გადაწყვეტილება თბილისის მერიას და ინვესტორს შორის, ისეთი, რომელიც ერთი მხრივ, უპასუხებს საზოგადოებრივ ინტერესს და მეორე მხრივ, არ დაარღვევს ინვესტორის უფლებას“, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
მისივე თქმით, აღნიშნულ სიტუაციაში, პროცედურული სამართლებრივი ბარიერებით ინვესტორისთვის მშენებლობის ნებართვის გაცემის ხელოვნურად შეზღუდვა და გაჭიანურება არღვევს ბიზნესმენის უფლებებს და უარყოფითად მოქმედებს ამ სფეროში საქართველოში ბიზნეს გარემოზე.